ბჟანია: „საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ“

23-03-2020 16:34:54 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებით, ჟენევის ფორმატის გარდა, საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„გვსურს თუ არა, ქართველები და საქართველოს სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე ჩვენ მრავალი კონტაქტი გვაქვს: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ, კვეთენ საზღვარს, ჩადიან იქ. ამ ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ – სამწუხაროდ ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე იძულებულია, გაემგზავროს იქ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისეც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სჩადიან დანაშაულს და იმალებიან საქართველოში. ხდება საპირისპიროც. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ენერგეტიკული კომპლექსის „ენგურ-ჰესის“ ექსპლუატაციას. ეს ასევე კონტაქტების გარკვეული დონეა“, – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

ბჟანია მიიჩნევს, რომ ამგვარი საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად შესაძლებელია, მოლაპარაკებების განსხვავებული ფორმატის ჩამოყალიბება.

„ეს შეიძლება იყოს არა ასეთი ტერიტორიულად მოშორებული პლატფორმა, როგორც ჟენევის დისკუსიებია. აქ, საზღვარზე ან სადმე – ასეთი საკითხების გადასაწყვეტად“, – აღნიშნა ბჟანიამ და დასძინა, რომ „აფხაზეთი იღებს საქართველოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან გზავნილებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს უფრო ინტენსიური დიალოგის დამყარება სურთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები