
რის იმედად თქვა ცხინვალმა ჯანმო-ს დახმარებაზე უარი
24/03/2020 08:14:56 კონფლიქტები
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დახმარებაზე უარი განაცხადა. როგორც «Эхо Кавказа» საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სოხუმის შემდეგ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები გასულ კვირას ცხინვალშიც აპირებდნენ ჩასვლას, თუმცა დე ფაქტო რეჟიმმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკა ყველაფრით რუსეთიდანაა უზრუნველყოფილი, მხოლოდ რუსეთის იმედი აქვს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან არანაირ დახმარებას არ ელის”. არადა, “რესპუბლიკის” მთავარი ექიმი მარინა კოჩიევა აღიარებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე მედიკამენტებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწვავე დეფიციტია.«სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებისას გამოვლინდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, წამლების, სახარჯო მასალებისა და ა.შ. უკმარისობა. ამასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, მთავრობის მეთაურის სახელით გაგვეგზავნა მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრემიერისადმი, ჩვენს რესპუბლიკას შესაბამისი დახმარება გაუწიონ» - განაცხადა კოჩიევამ დე ფაქტო დეპუტატებთან შეხვედრისას.
არადა, რუსეთს ზემოაღნიშნული საშუალებების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაზე აკრძალვა აქვს დაწესებული….
კოჩიევა ირწმუნება, რომ “რუსეთის მთავრობა მზადაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის გამონაკლისის დაშვების საკითხი განიხილოს”, თუმცა რა ვადებზე და რაოდენობაზეა საუბარი და საერთოდ, იქნება თუ არა დახმარება – იგი ვერ აკონკრეტებს.
ირკვევა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მხრივ დახმარებას ვერც “წითელი ჯვარი” გაუწევს – ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონშია წარმოდგენილი.
«ვინაიდან მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, არც გაგვიჟღერებია ეს [ინდივიდუალური დაცვის საშუალებების] საჭიროება. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას დაგვისახელებს [დე ფაქტო] ხელისუფლება პირველად საჭიროებად. ამ ეტაპზე ასეთად მოსახლეობის სათანადო ინფორმირებაა განსაზღვრული» - აცხადებს “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მარინა თედეთი.
ამასთან, მართალია, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან უკვე შეიტანეს COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო სატესტო სისტემების პირველი პარტია, მაგრამ ცხინვალის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორია მსგავსი კვლევების საწარმოებლად არ არის განსაზღვრული.
«მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლაბორატორია საფრთხის 3-4-ე ჯგუფს განეკუთვნება, ეს ვირუსი კი – 1-2-ე ჯგუფს, წესის თანახმად, ჩვენი ლაბორატორია მსგავსი კვლევებით არ უნდა კავდებოდეს, მაგრამ ვინაიდან სხვა ლაბორატორია რესპუბლიკაში არ გაგვაჩბია, საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა და რამდენიმე თანამშრომელი სტავროპოლის მხარის ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტში გავგზავნეთ. მათ ჩამოიტანეს ტესტების პირველი პარტია, რომელიც, ვფიქრობ, გარკვეული დრო გვეყოფა», – აცხადებს ამასთან დაკავშირებით კოჩიევა.
მარტივად რომ ვთქვათ, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი, სადაც სადღეისოდ სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 19 ადამიანი იმყოფება, ხოლო შინა კარანტინს სახელბში კიდევ 13 გადის, შესაძლო ეპიდემიისთვის ამ დროისთვის სრულიად მოუმზადებელია...
ცნობისთვის: 18 მარტს ჯანმო-ს წარმომადგენლები სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მიიღო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაციის ექსპერტები აფხაზეთს როგორც ექსპერტების კონსულტაციებით, ისე მედიკამენტებით დაეხმარებიან. სამედიცინო პრეპარატების, ინდივიდუალური თავდაცვისა და სადეზინფექციო საშუალებების ნაწილი ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მაშინვე ჩაიტანეს.
ამ ყველაფერს ჰქონდა პრედისტორიაც: დაახლოებით სამი კვირის წინ გალში ქართველ და აფხაზ მედიკოსებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ინიციატორი, არსებული ინფორმაციით,აფხაზური მხარე იყო. კონკრეტული შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ მალევე აფხაზეთში ჯანმო-ს წარმომადგენლები ჩავიდნენ და ნაკლებ სავარაუდოა, ეს უბრალოდ დროში დამთვევა ყოფილიყო.
«Эхо Кавказа»-ს წყაროს ცნობით, თბილისმა იმ იმედით, რომ სოხუმს ცხინვალიც მიბაძავდა, ანალოგიური დახმარება ამ უკანასკნელსაც შესთავაზა, მაგრამ ამჯერად უკვე საჯარო განცხადებით და პასუხად ჯანმო-ს წარმომადგენლების ოკუპირებულ რეგიონში არშეშვება მიიღო. შესაძლოა, სწორედ ამაში – წინადადების საჯაროდ გაჟღერებაში მდგომარეობდა თბილისის შეცდომა. მაგრამ ის, რომ ცხინვალის მიერ ჯანმო-ს დახმარებაზე უარის თქმაც დიდი შეცდომა იყო, უკვე ცალსახაა და ეს, როგორც ჩანს, ცხინვალშიც კარგად ესმით, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბრები დახმარებისთვის რუსეთისთვის სასწრაფო მიმართვის საჭიროების თაობაზე.
“ეს ყველაფერი უამრავ კითხვას ბადებს. მაგალითად ასეთს: რით იყო დაკავებული პრეზიდენტი ბიბილოვი მოსკოვში ამასწინანდელი ვოიაჟისას? რატომ არ განუხილავს ეს საკითხი? ხოლო თუ განუხილავს, მაშ ახლა რატომ გახდა საჭირო მოსკოვისთვის მიმართვა? და კიდევ: თუ ყველაფერი ასე ცუდადაა, მაშ რატომ ვთქვით უარი ჯანმო-ს დახმარებაზე?” - წერს ამასთან დაკავშირებით «Эхо Кавказа»-ს ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.
ანალოგიური პოზიცია აქვს ოს პოლიტოლოგ დინა ალბოროვასაც:
«ჯანმო-ს წარმომადგენლები აუცილებლად უნდა შემოეშვათ. მსოფლიო ძალზე რთულ ვითარებაშია და მათ შორის ვართ ჩვენც. ჯანმო ხომ რაიმე პოლიტიკური ორგანიზაცია არაა, ეს მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება – ადამიანებს და არა სახელმწიფოებს. მივესალმები აფხაზეთის მთავრობის ძალზე ბრძნულ გადაწყვეტილებას და სრულიად არ მესმის ჩვენების გადაწყვეტილების, ეს ხალხი რესპუბლიკაში არ შემოეშვათ. დარწმუნებული ვარ, ამ ნაბიჯის სასარგებლოდ არც ერთი არგუმენტი არ გააჩნიათ».
სრული მოუმზადებლობის პირობებში ცხინვალი კორონავირუსს თბილისის საწინააღმდეგო პროპაგანდით ებრძვის
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის რუსეთის მიერ მართული დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიისთვის ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ტოტალური მოუმზადებლობის ფონზე გამალებულ პროპაგანდას ეწევა და ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების ფონზე სრულ დეზინფორმაციას ავრცელებს COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვითომდა არსებული უმძიმესი ვითარების თაობაზე.
“საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები კრიზისს ვერ უმკლავდებიან და მოსახლეობის დეზინფორმირებას ეწევიან. აღნიშნული ვითარება ეფექტურად გამოიყენება თბილისის რეჟიმის ამერიკელი კურატორების მიერ ინფექციის არეალის გასაფართოებლად და საფრთხის მთელი რეგიონისთვის შესაქმნელად. ამასთან, ლუგარის ლაბორატორია უუნაროა, ინფიცირებულთა რაოდენობას გაუმკლავდეს», - ამტკიცებენ ოსურ ე.წ. უშიშროებაში.
ამასთან, როგორც დე ფაქტო უწყებაში ირწმუნებიან, საქართველოს მოსახლეობაში იზრდება უკმაყოფილება რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ფუნქციონირებით, რომელიც «უუნარო აღმოჩნდა, სათანადო დონეზე უზრუნველეყო ბიოლოგიური უსაფრთხოება».
ოსური დე ფაქტო უშიშროება ავრცელებს ასევე დაუფარავ დეზინფორმაციას “საქართველოში პანიკური განწყობების ზრდის” თაობაზე:
«მოსახლეობა მასობრივად ყიდულობს სურსათს, პირველადი საჭიროების პროდუქტებს, წამლებს. სახეზეა სამედიცინო ნიღბებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების მწვავე დეფიციტი. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სრულად არის მოწყვეტილი ცენტრს სამარშრუტო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გამო. ადგილი აქვს მაროდიორობისა და ძარცვის ცალკეულ ფაქტებს».
ამ ფონზე, როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, «თბილისის რეჟიმი აქტუალური შიდა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, უკვე მერამდენედ ძაბავს ვითარებას სახელმწიფო საზღვარზე, სოფელ წნელისის მიდამოებში». ცხინვალი სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ინციდენტების შესახებ იუწყება და ამ კონტექსტში ხელყუმბარის აფეთქებას, ასევე ოპტიკური დაზვერვისთვის აეროსტატებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას ასახელებს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში ევროკავშირის დამკვირვებლებიც გააკრიტიკეს:
«იმ ვითარებაში, როცა რუსული მხარე იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევს, ევროპელი დამკვირვებლები ფაქტობრივად, თავისი მანდატით ნიღბავენ ქართველი ძალოვანების უპასუხისმგებლობა მოქმედებას, რომელიც საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელომწიფო საზღვრის რეჟიმის გართულებაზე და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხეების შექმნაზეა მიმართული”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება