„თუ აინტერესებთ რა პრობლემებია, მოვუყვებით, თუ არა, ნახავენ რა შედეგს მიიღებენ“

24-03-2020 19:09:13 ეკონომიკა

დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესში ჩარევა არ მოხდა, ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური პროცესები განვიტარდება.

„სადისტრიბუციო კომპანიების მდგმარეობა ლარის ხაზზე გადის. ლარი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 60%–ით გაუფასურდა. კომპანიები იმ ასობით ათას ზარალს ითვლიან, რომელიც მიადგებათ, თუ დღევანდელი კურსი შენარჩუნდა. როგორ გააგრძელონ ოპერირება, ამაზე იქნება საუბრი. ყველას გვესმის, რომ ეს მსოფლიო კრიზისია, გვესმის, რომ უხილავ მტერთან გვაქვს ომი, მაგრამ როდესაც ეს ეხება ამერიკას, მას ისეთი მყარი ვალუტა აქვს, როგორიც დოლარია; როდესაც ეს ევროპას ეხება, უმრავლეს ქვეყანაში ევროა. იქ სხვა პრობლემების წინაშე არიან და არა ისეთში, როგორშიც ჩვენი ქვეყანა: ეკონომიკურად უფრო მდგრადად არიან და აქვთ შესაძლებლობა, ორი კვირა იქნება, თუ ერთი თვე, სახლში დასხდნენ და ჯანმრთელობაზე იფიქრონ. ჩვენთან ჯერ ისეთი არაფერი დაწყებულა და უკვე საკმაოდ მძიმე ვითარებას ვიღებთ. როდესაც ტურიზმის სექტორზე ვსაუბრობთ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ მისი განუყოფელი ჯაჭვია დისტრიბუცია. ყველა კომპანიას, რომლებიც დაიკეტა, დიდი ვალდებულებები აქვთ სხვა კომპანოების მიმართ და მას უახლოეს პერიოდში ვერ ამოიღებენ. ეს ამოღებული თანხა უცხოურ ვალუტაში უნდა დაკონვერტირდეს და მომწოდებელს გადაერიცხოს. როდესაც ეს თანხა დათვლილია 2.9 კურსზე, წარმოგიდგენიათ რამხელა ზარალზეა საუბარი?! – კოლოსალურ თანხებზე“,– აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გეგმა „ბე“ მზად უნდა ჰქონოდა.

ის ეროვნულ ბანკსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქტიური კმუნიკაციისკენ მოუწოდებს:

„თუ აინტერესებთ[ეკონომიკურ გუნდს], რა პრობლემებია, მოვუყვებით, თუ არა, ნახავენ რა შედეგს მიიღებენ. როდესაც საუბრობენ, „იმის დრო არ არის, პანიკა დავიწყოთო“ [ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა მსგავსი განცხადება], ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება. ხომ უნდა სცოდნოდათ, რა შედეგს მივიღებდით? „კორონა“ გადაივლის და დაგვავიწყდება ისეთი პრობლემების წინაშე დავრჩებით.

ეკონომიკურ გუნდს გეგმა ბე უნდა ჰქონოდა. როდესაც ხარ ის ქვეყანა, სადაც ლარი ექვსი წლის განმავლობაში უფასურდება, იმისთვისაც მზად უნდა ყოფილიყვნენ, რაც დღეს ხდება. მესმის, რომ პანიკური შესყიდვებია, მაგრამ ეს ამხელა გაუფასურებას ნამდვილად არ გამოიწვევდა. ამისთვის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, ყოველ საათში ერთხელ განცხადებები აკეთონ, თუ რა ხდება და როგორ. ბაზარზე სიჩუმე გაცილებით მეტ პანიკას იწვევს, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება“.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 მარტს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4494 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.7436 ლარი.

24 მარტს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2389 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4578 ლარი.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასულ კვირას 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ხვალ კი 40 მილიონის გაყიდვას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები