
„ლისისა და კუს ტბებზე უფრო მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული“
25/03/2020 10:03:27 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკლესიების "აბსოლუტურ უმრავლესობაში" მრევლი დისტანციას იცავდა. მისივე თქმით, გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება, შეიქმნას ლისის ტბაზე და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, სადაც "გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული".
"დავიწყებ ქვემო ქართლით, აქ პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მორწმუნეებს მოუწოდებენ, ლოცვები შეასრულონ სახლში. მეორე, ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა კვირას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ეკლესიებში. მოგეხსენებათ, დიდი მარხვაა და მორწმუნეები ეკლესიებში ძალიან დიდი რაოდენობით მიდიან. მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი რა ხდებოდა და ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, ადამიანები იდგნენ ეკლესიის გარეთ, იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვეული, მაგრამ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად ეკლესიაში მორწმუნეები არ არღვევენ. ვუსმენდი ბატონ პაატა იმნაძეს და გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომელთაც შეიძლება არ დაიცვან სოციალური დისტანცირება და სადაც გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული. სასულიერო პირებთან როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე კათოლიკური თუ მუსლიმური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნოებიერებული პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ამ კვირას უკვე ამ მხრივ ვითარება სრულად იქნება გამოსწორებული", - განაცხადა სუბარმა.