
"თითო ოჯახზე 3 თვის განმავლობაში 1000 ლარი უნდა გამოიყოს"
25/03/2020 10:06:13 საშინაო პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახებს, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩნენ, 1000–ლარიანი ვაუჩერები გადაეცეთ.
„კიდევ ერთმა ძალიან მძიმე პრობლემამ იჩინა თავი. ნიაღვარივით შემოდის ზარები, რომ პარალიზებული ტურიზმის, პარალიზებული მომსახურების სფეროს, პარალიზებული რესტორნების, კაფეების, სამარშუტო ტაქსებისა და ტაქსების გამო, საქართველოს უამრავი მოქალაქე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. შიმშილი დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი, პრობლემაა. მშვენივრად გვესმის, რომ ამ ადამიანებს თავი გაჰქონდათ კვირიდან-კვირამდე, დღიდან-დღემდე და არავის არაფერი მნიშვნელოვანი დანაზოგი არ აქვს. თუ ხელისუფლება არ ჩაერია, კაეტგორიულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე დადგებიან. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რა დღეში არიან გარემოვაჭრეები, რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მოშაობენ. სხვადასხვა ციფრები გვაქვს ჩვენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, ჩაებას ამ პოლიტიკურ შეჯიბრებაში და ციფრების რახარუხში. ყველაზე მინიმალური ციფრი, რომელიც ჩვენ გვაქვს არის 100 000-მდე ოჯახი და ხელისუფლების ხელში არის სტატისტიკის ბიურო, ეკონომიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და ა.შ. მათ ხელეწიფებათ განსაზღვრონ ვინ არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგ რამ: თითოეულ ოჯახზე სამი თვის განმავლობაში გამოსაყოფია 1000 ლარი, რომ ადამიანებმა, თუნდაც მცირეოდენი, მინიმალური პროდუქტების შეძენა შეძლონ. სხვანაირად ეს ხალხი თავს ვერ გაიტანს. გვესმის რა მდგომარეობაშია მთლიანად სახელმწიფო დღეს, მაგრამ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, ყველაფერთან შეუდარებელია. არც ის იქნება დიდი პრობლემა, პრემიები და ხელფასები მოიჭრას ბიუროკრატიულმა აპარატმა, გააჩერონ პერსონალური მანქანები, შეწყვიტონ ბენზინის ხარჯვა და ეს ყველაფერი გადამისამართდეს იმ სასწრაფო დახმარებაზე, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეს სჭირდება. არც ისეთი დიდი თანხა გამოვა ეს, რომელიც არ შეიძლება, ბიუჯეტში მოინახოს“,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ამასთან, მან ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ სოლიდარობა, ერთობა და თანადგომა, რადგან ეს ყველა სექტორის წარმომადგენელს ეხება.
ვაშაძემ მედიკოსებს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებსა და სამხედროებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა:
"ამ ადამიანების გმირული მუშაობის შედეგი არის ის, რომ საქართველოში ჯერჯერობით ამ სასიკვდილო ეპიდემიის აფეთქებას გადავრჩით, მაგრამ საჭიროა მათ ყველაფერი ჰქონდეთ იმისათვის, რომ თავიანთი მოქალაქეობრივი და სამსახურებრივი ვალდებულება შეასრულონ და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს. კადრებშიც კი ჩანს, როგორ მუშაობენ ჩვენი პოლიციელები და სამხედროები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე და ამას გაფრთხილება უნდა იმიტომ, რომ ამ ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.