
მარნეულსა და ბოლნისში ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება
25/03/2020 11:20:39 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს უწყების თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
შსს–სცნობით, მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.
“ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.
გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს”, - ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.