სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესი დაიწყო

25-03-2020 17:18:00 ეკონომიკა

"ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ვიზიტისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას.

„დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით დავიწყეთ პირბადეების მიწოდება, პირველ რიგში, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის“, -.აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული წარმოების პირბადეები, რომლებიც მზადდება რამდენიმე საწარმოში, დარიგდება პრიორიტეტების მიხედვით იქამდე, ვიდრე არ აეწყობა მასობრივი წარმოება, რომელიც, დამოკიდებულია ნედლეულზე და სავარაუდოდ, მალე იქნება.

„ამ ეტაპზე პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ შეხებაში არიან სხვა ადამიანებთან და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცვას ვირუსის გავრცელებისგან. მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები - მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებსაც გადავცემთ მრავალჯერადი გამოყენების ქართული წარმოების პირბადეებს თავისი ინსტრუქციით და ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც სამინისტროს დახმარებას უწევს მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია.

„ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას, ეს არის 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ამ სექტორში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები