გალის რაიონში კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატანილი ინვენტარი სოხუმმა წაიღო

25-03-2020 19:24:11 კონფლიქტები

გალის ოკუპირებულ რაიონში კორონავირუსთან საბრძოლველად ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩატანილი ინვენტარი სოხუმში წაიღეს. როგორც „აქცენტს“ ადგილობრივმა ექთნებმა უამბეს, მათ ტელეფონები ჩამოართვეს, რათა გატანის პროცესი არ გადაეღოთ, პირბადეები და ვირუსისგან ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები კი მთლიანად სოხუმში გადაიტანეს.

„ადგილზე პანიკაა. გალის საავადმყოფოში დამცავი საშუალებები შემოიტანეს, თუმცა ეს ყველაფერი სოხუმმა წაიღო. ექთნებს ისიც კი უთხრეს, თავს უშველეთ, თქვენ მაინც არაფრის რესურსი გაქვთო. საავადმყოფოში მომართვიანობა დიდია, სიცხე ბევრს აქვს, თუმცა ვერავინ იტყვის დაზუსტებით, სეზონური გრიპია თუ ფართოდ გავრცელებული კორონავირუსი. გალში ძირითადად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს და აქაურების ბედი არავის ანაღვლებს, ამიტომ ის მიზერული რესურსიც კი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოვიდა, თავად წაიღეს. ვინ მოსთხოვ პასუხს? - ან როგორ უნდა შეეწინააღმდეგო, აქ იარაღი მართავს ხალხს. გააპროტესტებ - გესვრიან, მითუმეტეს ამჟამინდელი პანიკის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის ფონზე“, - აცხადებს ქალბატონი.

ექთნის თქმით, დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაბამისი სიმპტომებით მამა-შვილი გადაიყვანეს, თუმცა დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.

„აქცენტი“ გალის რაინის სოფლების ამბულატორიებს დაუკავშირდა, სადაც წესით, პირველადი დახმარების წამლები უნდა იყოს მარაგში, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც გაირკვა, წნევის წამალიც კი არ მოიპოვება.

„ამბულატორია ცარიელია, აქ ისედაც მხოლოდ პირველადი დახმარების რესურსი გვქონდა და ახლა ისიც არ არის. ხშირად საკუთარი სახლიდან მიმიცია მოსახლეობისთვის წამალი. კორონავირუსთან ჩვენი რესურსით ბრძოლაზე საუბარიც ზედმეტია. ეს ხომ წარმოუდგენელია ამ პირობებში.... წამალი ახლა გალშიც არ იშოვება აფთიაქში, არათუ ჩვენთან. დახმარება რომც გამოიგზავნოს, თუ ვინმემ არ გააკონტროლა, ადგილობრივ ქართველებს მაინც არ მოხმარდება“.

სულ რამდენიმე დღის წინ გალის მოსახლეობაში პანიკა მცირე დოზით თუ შეინიშნებოდა, რადგან როგორც იფიციალურად გამოცხადდა, „საზღვარი“ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე ჩაიკეტა. თუმცა დღეისათვის რაიონში ნამდვილი პანიკაა და ამის მიზეზად, ადგილზე რუსების სიმრავლეს ასახელებენ.

„ინტერნეტით გავრცელდა კადრები, სადაც ამბობენ, რომ არჩევნების დღეს ფსოუ მანქანების კოლონამ გადმოკვეთა. კადრები რეალურია თუ არა, ადგილობრივებს ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენც იმას ვხედავთ, რასაც თქვენ, რადგან სხვას არავინ არაფერს გვეკითხება. ეჭვის საფუძველს გვაძლევს ის, რასაც ჩვენივე თვალით ვხედავთ. მე გაგრაში ვმუშაობ და აქ ამდენი რუსი, ზაფხულშიც არ მინახავს. ზოგადად ტურისტების სიმრავლით გაგრა არ გამოირჩევა, თუმცა ახლა თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ეს ფაქტი. რატომ შეიძლება აქ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ამასაც ვერ ვხვდები, რადგან პირადად მე სოხუმის საავადმყოფოში ისიც ვერ მითხრეს, რა მჭირს. სიცხეები მქონდა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თორემ ამ დროს ექიმს აქ იშვიათად მივმართავთ. თუმცა რადგან გაგრაში ვარ, ცოტა შემეშინდა. მივედი სოხუმის საავადმყოფოში, გადამიღეს რენდგენი, მეუბნებიან, რომ სამი შავი ლაქა ჩანს, მაგრამ ეს იმ მტვრის კვალია, რომელსაც მშენებლობაზე ვისუნთქავ. დამინიშნეს ანტიბიოტიკი და გამომიშვეს. სიცხიანიც და ხველითაც ბევრი დადის, მაგრამ ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებთ, რა სჭირთ რეალურად“.

ქართველებით დასახლებულ სოფლებში ზოგადად სიმშვიდეა, თუმცა შიში მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, არის.

„თავის დაცვა აქ შედარებით მარტივია, თუ სახლიდან არ გახვალ, სახლში არავინ შემოგივარდება. დისტანციასაც დაიცავ, ყველას უზარმაზარი ეზო გვაქვს. თავშეყრის ადგილი სკოლა და ბაღი იყო და ახლა ისინი დაკეტილია. გასვენებებში დადიოდა ხალხი და ახლა მგონი, ესეც აკრძალულია. თუ აფხაზებს ეშინიათ, ე.ი. ჩვენც გვაიძულებენ, დავიცვათ. ერთი ჩამოვლა უნდა სამხედრო მანქანით და ფორმით და ხალხი სახლიდან თავს არ გამოყოფს. სანამ გეყოფა საჭმელი, იქნები სახლში, დამთავრდება და ბაზარიც ისედაც იკეტება ხვალიდან, მაინც ვერსად იყიდი ვერაფერს“.

ადგილობრივები განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ასაკიანი მოსახლეობისთვის ხედავენ.

„ჩემს ქუჩაზე ათამდე ოჯახია, აქედან სულ სამშია ახალგაზრდა, დანარჩენში ყველა ხანში შესულია და შვილები და შვილიშვილები აქ არ ჰყავთ. რამე რომ დასჭირდეთ, როგორ არ უნდა მიეხმარო, მაგრამ რითი უნდა მივეხმაროთ, ახლა ისიც არ ვიცით. წნევის წამლის შეწოდება და ვირუსის წამლის ხომ ერთი და იგივე არაა?! რამე თუ არ გაკეთდა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი აქედან ზუგდიდში გადაყვანისთვის, ჩათვალეთ, რომ უპატრონოდ ვკვდებით. ჯერ ვერ აცნობიერებს ხალხი, რა ხდება, მაგრამ ერთი ფაქტიც რომ დაფიქსირდეს, ასაკიან ხალხს ნერვიულობის გადატანაც კი გაუჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო აფხაზეთში შეზღუდვები შემოიღეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის ზომების თაობაზე, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეიდან რიგი შეზღუდვები დაწესდა.

კერძოდ, განკარგულების თანახმად, 25 მარტიდან იკრძალება მასობრივი სპორტული, კულტურული, საზეიმო, მათ შორის საქორწილო ღონისძიებების ჩატარება; ექსკურსიები აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე და ამ მიზნით უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლა; რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე “დიუთი ფრის” პრინციპით მოქმედი მაღაზიის, ასევე ფიტნეს-ცენტრების, სპორტდარბაზების, ფიზიოთერაპიისა და სპა-სალონების მუშაობა;

• 27 მარტიდან კარანტინი დაწესდება კაფეებში, რესტორნებსა და სასადილოებში, დროებით შეწყდება სოხუმის ცენტრალური ბაზრისა და ყველა რაიონული ბაზრის მოქმედება;

• 27 მარტიდან შეწყვეტს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი – როგორც შიდასაქალაქო, ისე რაიონთაშორისი. ამასთან, ტაქსები მოძრაობას გააგრძელებენ;

• სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა წრეებში არდადეგები 7 აპრილამდე გაგრძელდება;

• გაძლიერდება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კონტროლი სავაჭრო და დასასვენებელ ობიექტებზე (სასტუმროებზე, დასასვენებელ სახლებზე), ასევე სანიტარულ-სადეზინფექციო ღონისძიებები მასობრივი თავშეყრის ადგილებში;

• დე ფაქტო მთავრობა მიმართავს სავაჭრო ობიექტებს, არ გაზარდონ ფასები პირველადი საჭიროების საქონელზე, მათ შორის საკვებ პროდუქტზე, ბავშვთა კვებაზე, მედიკამენტებზე, სადეზინფექციო და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე.

ცნობისთვის: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები