
პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს
25/03/2020 16:38:24 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს თხოვნით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეასრულონ.
„მინდა, მოგმართოთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო, ვინც დღეს იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსი არის გავრცელებული, ძალიან მძიმე პირობებში, მოშორებული თქვენი ქვეყნიდან და თქვენი ოჯახებიდან. მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა. მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ყველა რეკომენდაციას მოუსმინეთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ უთუოდ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.