პირველი ქართული სამრეწველო ელმავალი განსაკუთრებული შესაძლებლობებით და მზადება ევროპულ ბაზარზე გასასვლელად

25-03-2020 21:42:24 ეკონომიკა

თბილისში სააქციო საზოგადოება ,,ელმავალმშენებლის,, ქარხნის ბაზაზე, უნიკალური კონსტრუქციის, უახლესი ავტომატიზირებული ელექტრონული მართვით აღჭურვილი ელმავალი შეიქმნა.

ელმავალის უნიკალურობა კი მის განსაკუთრებულ კონსტრუქციაშია, რომლის მართვაც ხდება მიკროპროცესორული და წნევის ძრავის მეშვეობით. ის იმართება ბორტკომპიუტერით და სრულიად ავტომატიზირებულია, თვითონ ძრავის მართვა კი სიხშირის მეშვეობით ხდება.

შეკვეთა სააქციო საზოგადოებამ ქართველი და უზბეკი პარტნიორებისაგან მიიღო და 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო დაპროექტება-მშენებლობა. ეს აქამდე ქარხნის ბაზაზე შექმნილი ელმავლებისგან სრულიად განსხვავებული პროექტია, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე დანიშნულების კუთხით.

ესაა პირველი ქართული ელმავალი, რომელიც მძიმე მრეწველობისთვის შეიქმნა და მისი დანიშნულება სამთო-გამამდიდრებელი კარიერებიდან ტვირთის გადაზიდვა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და საკმაოდ მოცულობითი და მნიშვნელოვანი პროექტებიც შესრულებულა ჯერ კიდევ მისი დაარსებიდან, 1939 წლიდან მოყოლებული, ასეთი მასშტაბის პროექტი პირველად შეიქმნა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული პროექტი სრულად ქარხნის ქართველი კონსტრუქტორების, ინჟინრების თუ მუშა-მომსამსახურეების მიერაა შესრულებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ კვალიფიციურობასა და კომპეტენტურობას. ქარხნისთვის, როგორც თვითონაც აღნიშნავენ მისი წარმომადგენლები ეს მნიშვნელოვანი დაკვეთა იყო, რადგან ბოლო პერიოდში შექმნილი სახელფასო დავალიანების და არც თუ ისე სახარბიელო პირობებისა, ეს დაკვეთა მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომელმაც მათი სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა.

ტექნოლოგი ქეთევან კვესელავა აცხადებს, რომ პირადად მის ოჯახს ამ პროექტმა სოციალური მდგომარეობა გაუუმჯობესა.

„ჩვენ გავიარეთ ბევრი სიდუხჭირე, იყო უხელფასობა, რომელმაც ჩვენს ოჯახებზე გაიარა, ამ პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვესწორებინა ჩვენი სოციალური მდგომარეობა“ - აღნიშნა ტექნოლოგმა.

სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ გენერალური დირექტორი დავით გორგოძე აცხადებს, რომ პროექტმა საწარმოს ახალი სიცოცხლე შესძინა.

„ეს ელმავალი არის მთლიანად ქართული პროდუქცია, ის გახდება ჩვენი საწარმოს გაცოცხლების საშუალება. გაჩნდა იმის იმედი, რომ ჩვენი საწარმო დაიბრუნებს ძველ სახეს და ბევრ ახალსაც დაიმატებს. შემოსავალი, სამუშაო ადგილები გაიზრდება“- აცხადებს გორგოძე.

მათივე ცნობით, ეს გრძელვადიანი პროექტია, ინტერესი და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი კი დიდია ახლა უკვე ევროპის ქვეყნებიდანაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიაცაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები