
ზახაშვილი – კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმზე: „შემდგომი გავრცელება მის საქმიანობას არ უკავშირდება“
25/03/2020 21:20:27 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის „მედ კაპიტალის“ ექიმიც აღმოჩნდა, რომელიც შეერთებული შტატებიდან 7 მარტს დაბრუნდა და პაციენტები მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ექიმი ქვეყანაში დაბრუნებიდან ორ დღეში საკუტარი სურვილით გადავიდა თვითიზოლაციაში, ამ დროისთვის მისი ყველა კონტაქტი შესწავლილია და მათ კორონავირუსი არ უდასტურდებათ.
„ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აშშ მის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით შემთხვევებს არ აანონსებდა. როგორც ჩანს, იმ პერიოდში ამერიკაში საკმაოდ გავრცელებული იყო ეს დაავადება და გარკვეული სირთულეები ჰქდა შტატებს ლაბორატორიების მხრივ. ამიტომ, ტესტირება ეტყობა უფრო ნაკლები იყო. ეს ადამიანი რეალურად ინფიცირებული ჩამოვიდა. ორიოდ დღეში მან კარგად გააანალიზა, რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა შტატებში მის მოგზაურობას. ამიტომ საკუთარი სურვილით გადავიდა თვითიზოლაციაში, აღარ ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას. უკვე 14 დღე გავიდა სამსახურში მისი ბოლო გამოცხადების ვადიდან. მისი ყველა კონტაქტირებული ადამიანი ამჟამად ჯანმრთელია და შემდგომი გავრცელება არც ამ ადამიანის საქმიანობას არ დაუკავშირდა“,– განაცხადა ზახაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა დასტურდება, მათგან 10 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.