
ჯანმო: „ჩვენ რეკომენდაციას ექვს გადამწყვეტ ნაბიჯს ვაძლევთ"
25/03/2020 22:59:37 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის შეფასებით, მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით მხოლოდ დროის მოგება და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლისგან დაცვაა შესაძლებელი, თუმცა ამ გზით ვირუსი არ დამარცხდება.
მისი თქმით, მსოფლიომ ვირუსთან საბრძოლველად „შესაძლებლობის ახალი ფანჯარა“ შექმნა, თუმცა ახლა მთავარი, „შანსის სწორად გამოყენებაა“. ამ კონტექსტში ის ექვს რეკომენდაციას ასახელებს:
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ექვს გადამწყვეტ ნაბიჯს – გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიის ეპიცენტრში გააგზავნეთ თქვენი ჯანდაცვის პერსონალი. მეორე – აამოქმედეთ სისტემა, რომლითაც ყველა საეჭვო შემთხვევას თემის დონეზე გამოავლენთ. მესამე – გაზარდეთ წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა. მეოთხე – განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტების იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად. მეხუთე – შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ. მეექვსე და უკანასკნელი – მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება „კოვიდ 19“-ის კონტროლსა და შეკავებაზე“.
ცნობისთვის: მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 20 000-ს გადააჭარბა.ყველაზე მეტი – 7500 გარდაცვლილი იტალიაში აღირიცხა, სადაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 683 ადამიანი დაიღუპა.
მეორე პოზიციაზე ამ მხრივ ესპანეთია 3000 დაღუპულით, მათგან 400-ზე მეტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.2 000-ზე მეტი დაღუპულია ირანში, 1 000-ზე მეტი – საფრანგეთში, 1000-ს უახლოვდება გარდაცვლილთა რაოდენობა აშშ-ში.რაც შეეხება ინფიცირებულებს, ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მათი რაოდენობა 450 ათასს უახლოვდება.