Accentnews.ge
რით ებრძვის კორონავირუსს აფხაზეთის ორი დაპირისპირებული ეკლესია

რით ებრძვის კორონავირუსს აფხაზეთის ორი დაპირისპირებული ეკლესია

26/03/2020 06:17:56 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, აიკრძალა ყოველგვარი ხალხმრავალი შეკრებები და ღონისძიებები, იკეტება თითქმის ყველა საზოგადოებრივი ობიექტი. ამ ფონზე აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მამა ბესარიონი (აპლია) კურთხევას იძლევა სოხუმის საკათედრო ტაძრიდან სოფელ კამანის ტაძრამდე “კორონავირუსის საწინააღმდეგო მსვლელობის” გამართვაზე, მასთან დაპირისპირებუოლი მეორე აფხაზური ეკლესია – “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია” კი მრევლსა და მთლიანად მოსახლეობას საფრთხის სათანადოდ გაცნობიერებისა და შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

ირკვევა, რომ მსვლელობის ინიციატორი საბრძოლო კლუბის მწვრთნელი თეიმურაზ გერგედავაა. მისი თქმით, 50-მდე მორწმუნესგან შემდგარი ჯგუფი “კორონავირუსის საწინააღმდეგო სვლას” გამართავს და ამ წამოწყებას მამა ბესარიონმაც (აპლიამ) დაუჭირა მხარი.

15-კილომეტრიანი მსვლელობის გამართვა მომავალი კვირისთვის იგეგმება. როგორც გერგედავა ამბობს, მამა ბესარიონმა თავისი კურთხევა დაადასტურა და პოზიცია ასე განმარტა: “ვირუსებთან საბრძოლველად მორწმუნეებმა ბევრი უნდა ილოცონ და მარხვა დაიცვანო”.

თავად მამა ბესარიონი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სოხუმის საკათედრო ტაძარი ღიაა, იქ რემონტი მიმდინარეობს, თუმცა მრევლი მაინც დადის. არავითარი ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს ამ რთულ დროს მრევლი, აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. თუმცა Facebook-ში ტაძრის მსახურ მამა დავითის გვერდზე გამოქვეყნებულია პარასკევის, შაბათისა და საკვირაო ღვთისმსახურების განრიგი.

პარალელურად გაჩნდა აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებული “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” წარმომადგენლის, ახალი ათონის მონასტრის მსახურ მამა დავითის (სარსანია) მოწოდება მრევლისა და მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობისადმი, კორონავირუსის პრობლემას სათანადო სერიოზულობით მოეკიდონ, კარანტინის პირობები დაიცვან და დარჩნენ სახლში, თავი მოარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის ყველა წესი.

ახალი ათონის მონასტერი დროებით დაიკეტა. ღვთისმსახურება შეწყვეტილია. მონასწტერში მხოლოდ სასულიერო პირები რჩებიან. მამა დავითი «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის» პოზიციას ასე განმარტავს:

«მორწმუნეებმა უნდა მიიღონ ეს მდგომარეობა სათანადო სერიოზულობით და დარჩნენ შინ, სადაც შეძლებენ ლოცვის გაგრძელებას და გააძლიერებენ კიდეც. ტაძრებში შეკრებაც კი არ ღირს საზოგადოებრივი ლოცვის ჩასატარებლად. ღმერთთან სასაუბროდ არსებობს სხვადასხვა ლოცვები. მორწმუნეებს შეუძლიათ, ისინი სახლში იკითხონ და ილოცონ როგორც საკუთარი თავის, ისე მსოფლიოს გადარჩენისთვის. 19 მარტს გამოვაცხადეთ, რომ ახალი ათონის მონასტერი იკეტებოდა ჩვენი მრევლის წევრთა სიცოცხლეების გადასარჩენად. ჩვენთან მონასტერში, როგორც ტურისტუო ცენტრში, მუდმივად ჩამოჰყავთ ტურისტები. სამწუხაროდ, სადღეისოდ რუსეთის ფედერაციაში ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევაა დადასტურებული. ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, არ ვიყოთ ფხიზლად და აქ ტურისტები შემოვუშვათ. მივმართავ მრევლსა და აფხაზეთის მთელს მოსახლეობას: იყავით როგორც გონების, ისე სულის სიფხიზლის მდგომარეობაში! ნუ გამოვცდით მამაზეციერს ჩვენი სიბეცითა და ამპარტავნობით. გვფარავდეს უფალი!».

მამა დოროთემ (დბარმა) კი - “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” საბჭოს თავმჯდომარემ Facebook-ში პირად გვერდზე საკვირაო ქადაგებების ონლაინ-ტრანსლაციები წამოიწყო:

«დღეს აფხაზეთში გვესაჭიროება სერიოზული სიფხიზლის გამოჩენა. ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, გავმართოთ გარკვეული საზოგადოებრივი ღობნისძიებები, მაგრამ არსებულ პირობებში უნდა დავფიქრდეთ, რისი გაკეთება არ ღირს, რათა სხვებს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ. ეს ეხება პანაშვიდებს, წლისთავებს, ქორწილებს.. ეს ყველაფერი უნდა შევამციროთ, ქორწილები ზაფხულისთვის გადავდოთ. ახლა რომ აფხაზეთში, ღმერთმა არ ქნას, კორონავირუსი გაჩნდეს, ვერც კი ვილაპარაკებთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება, მივიღოთ – ეს შეიძლება, უსერიოზულესი პრობლემა აღმოჩნდეს მთელი ქვეყნისათვის».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S