ცხინვალმა COVID-19-ის გამოსავლენად პირველი 5 ტესტი მიიღო

26-03-2020 11:53:25 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულმა რეგიონმა ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-ის გამოსავლენად პირველი 5 ტესტი მიიღო, რომელიც, როგორც «რესპუბლიკის» მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა აცხადებს, 200 ადამიანის ტესტირებას ეყოფა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში რუსეთის ფედერაციიდან 500 სატესტო სისტემას ელიან.

«ჩვენმა სპეციალისტებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ სტავროპოლში გავგზავნეთ, ტესტირების ჩასატარებლად ცოდნა გაიღრმავეს, სპეცმომზადება გაიარეს და უკვე დაბრუნდნენ. კვლევები ჩვენს ლაბორატორიაში იწარმოებს, რომელიც, მართალია, საფრთხის ამ დონის ინფექციების საკვლევად არ იყო გათვლილი, თუმცა სხვა ამ ეტაპზე მაინც არ გაგვაჩნია» - აღნიშნა კოჩიევამ.

ცნობისთვის: აფხაზეთში ტესტები რუსეთიდან 20 მარტს შეიტანეს. ოფიციალური ინფორმაციით, არც ერთ და არც მეორე ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევები ამ დრომდე არ გამოვლენილა, თუმცა ორივეგან მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა საკარანტინო რეჟიმშია. საქართველოს ხელისუფლებამ ორივე ოკუპირებულ რეგიონს კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარება შესთავაზა. თბილისის თხოვნით სოხუმს ჯანმო-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ და სპეცსაშუალებებიც ჩაიტანეს, ცხინვალმა კი დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები