
"მთავრობამ გადასახადების გადავადების და შემცირების საკითხს უნდა გადახედოს"
26/03/2020 09:00:00 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის”, რომლის თავმჯდომარეც დეპუტატი ეკა ბესელიაა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მთავრობამ გადასახადების გადავადების და შემცირების საკითხს უნდა გადახედოს.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"შექმნილი ვითარება და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვს ერთობლივ, სწრაფ, გააზრებულ და დროულ, ზოგჯერ მკაცრ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ამ რთულ ეტაპზე ვართ სოლიდარულნი, რათა სწორედ ერთობლივი მოქმედებებით დაიძლიოს ეს საფრთხე. პანდემიის მასშტაბი და დრო გაურკვეველია და სწორედ ამიტომ, საჭიროა გრძელვადიანი მოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოკლე დროში უნდა წარმოადგინოს მთავრობამ. ამ გეგმაში უნდა იყოს გააზრებული რა ხედვა აქვს მთავრობას პანდემიის შესაძლო საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად და დასაძლევად. როგორ დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან გაუჭირდათ.
ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, დაკარგეს სამსახურები, ბუნდოვანია მათი მომავალი და აქვთ ყოველდღიურად ოჯახის გამოკვების პრობლემა. სწორედ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის, პენსიონრებისთვის, შშმ პირთათვის საჭიეროა გამოიძებნოს ბიუჯეტში რესურსი და მათ გაეწიოთ პირველ რიგში დახმარება. ბიუჯეტის კორექტირება იქნება საჭირო, რათა გამოთავისუფლდეს ბევრი ისეთი ხარჯისგან, რაც არ არის სავალდებულო ამ ეტაპზე (წარმომამდგენლობითი, სამივლინებო და სხვა ხარჯები) და მიემართოს იგი იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
- უნდა მოხდეს კომუნალური გადასახადების გადავადება და მიზნობრივი დახმარება მათთვის, ვისაც ამის საშუალება არა აქვს.
- გასააზრებელია ფიზიკური თუ იურიდიული პირების დახმარება, ვისაც აქვს სესხი დოლარში.
- მთავრობამ უნდა გადახედოს გადასახადების გადავადების და შემცირების საკითხს. ანტიკრიზისული გეგმა, რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს და ხელისუფლებამ არსებული რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად მიმართოს უპირველესად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.
- მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ რთულ დროს დავეხმაროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს საქართველოში დამზადებული პირბადეებით, პირველადი სადეზინფექციო საშუალებებით თუ სწრაფი ტესტებით . გაჭირვების დროს ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთიანობით უნდა დავძლიოთ ეს განსაცდელიც".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.