
რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება
26/03/2020 09:42:18 მსოფლიო
რუსეში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 136 - მოსკოვში. ქვეყნის 56 რეგიონში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 840 შემთხვევაა აღრიცხული, ორი პაციენტი გარდაიცვალა, - იუწყება ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
სულ ახალი შემთხვევები უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 18 რეგიონში გამოვლინდა: 136 - მოსკოვში, შვიდი – სვერდლოვსკის მხარეში, ხუთ-ხუთი – სანქტ-პეტერბურგსა და პერმის ოლქში, ოთხი - იაკუტიაში, სამ-სამი - სტავროპოლისა და კრასნოიარსკის მხარეებში, ჩელიაბინსკსა და თათრეთში, ორ-ორი – პსკოვის, სამარის ოლქებში, ბურიატიასა და ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში, თითო-თითო – ხაკასიასა და კემეროვოში.
მანამდე მოსკოვის მთავარმა ინფექციონისტმა ნიკოლაი მალიშევმა ტელეკომპანია "Россия 1"-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსი ექიმები “COVID-19-ის გავრცელების მხრივ ვითარების ბირთვული რეაქციის ტიპის ფეთქებადი განვითარებისთვის ემზადებიან”.
მალიშევის თქმით, დასაწყისში იყო ინფიცირებულთა რაოდენობის არითმეტიკული მატება, ახლა კი ის უკვე გეომეტრიულია – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ავადობა თითქმის გასამმაგდა.
მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დედაქალაქში COVID-19-ის გავრცელების დინამიკას “საკმაოდ მაღალი” უწოდა და აღიარა, რომ “ქალაქი ეპიდემიის საწყის ეტაპზეა, ანუ პიკი ჯერ წინაა”.