La Stampa: „რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარების 80% COVID-19-თან საბრძოლველად გამოუსადეგარია“

26-03-2020 15:20:25 მსოფლიო

რუსეთის მიერ იტალიისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეულმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იტალიურ პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში შეშფოთება გამოიწვია.

როგორც ადგილობრივ გამოცემა La Stampa-ს მაღალი რანგის წყაროებმა განუცხადეს, რუსეთი თავის მოქმედებებში მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით როდი ხელმძღვანელობს, იგი საკუთარი პოლიტიკური და დიპლომატიური ინტერესების რეალიზებას ახორციელებს, იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტე კი რუსეთის დახმარების მიღებას მოსკოვთან არსებული “არაჩვეულებრივი პირადი ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად” დასთანხმდა.

როგორც La Stampa-ს წყაროები აღნიშნავენ, რუსეთის მიერ მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების 80% "სრულიად უსარგებლოა ან ნაკლებად გამოსადეგი” იტალიისთვის და COVID-19-თან საბრძოლველად და სხვა არაფერია, თუ არა თავის მართლება: რუსეთმა ქვეყანას აღჭურვილობა ტერიტორიის დეზინფექციისთვის და სხვა მსგავსი სპეცტექნიკა გამოუგზავნა, მაშინ,როცა ჩინეთმა, მაგალითად, - სამედიცინო ნიღბები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები.

ამასთან, გამოცემა შიშობს, რომ იტალიაში ჩასული ყველა რუსი სპეციალისტი სამხედროა, თავად ოპერაციას კი არა ჯანდაცვის, არამედ თავდაცვის სამინისტრო უწევს კოორდინაციას.

იგი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ყველა ეს სამხედრო მაღალი რანგისაა – გენერლები, პოლკოვნიკები, მაიორები - და ისინი "თავისუფლად გადაადგილდებიან იტალიის ტერიტორიაზე, ნატო-ს ბაზიდან რამდენიმე ნაბიჯში".

"პუტინმა კორონავირუსში დაინახა შესაძლებლობა, იტალიურ პოლიტიკურ სცენაზე გამაგრდეს და იტალიის პრემიერმა არ ითაკილა მისი დახმარება ამ რთულ კრიზისში, მიიღო რა ეს ყველაფერი მოსკოვის პოლიტიკურ მხარესთან საუკეთესო პირადი ურთიერთობების განსამტკიცებლად", - წერს გამოცემა.

ეჭვები იმის შესახებ, რომ კრემლის დახმარების უკან შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკური მიზნები იმალებოდეს, რამდენიმე დღით ადრეც გამოითქვა. კერძოდ, გაჟღერდა ვერსია, რომ იტალიის დახმარება რეალურად, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, იტალიის მხარდაჭერა მოიპოვოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად.

თავად მოსკოვმა ეს გასულ ორშაბათს უარყო. ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ, «ხომ არ ელის კრემლი, რომ იტალია ამ დახმარების საპასუხოდ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების გაუქმებას დაუჭერს მხარს?», კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ «ეს ორი რამ სრულიად შეუთავსებელია».

"ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე პირობებზე, გათვლებზე ან იმედებზე. იტალიას რეალურად ესაჭიროება უფრო მასშტაბური დახმარება და ის, რასაც აკეთებს რუსეთის ფედერაცია, არის დახმარება, რომელიც ძალგვიძს. აბსურდულია იმის თქმა, რომ ვინმე ამაზე რაღაც კონტრიმედებს ამყარებს” – განაცხადა პესკოვკმა, თუმცა იქვე ისიც დასძინა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სანქციების ურთიერთმოხსნის იდეა “ყურადღებას იმსახურებს”.

ცნობისთვის: რუსეთის არმიამ გასულ კვირას იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვა დაასრულა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქვეყანაში 9 სამხედრო თვითმფრინავი ჩავიდა , რომელთა ბორტზეც რუსი ვირუსოლოგები იმყოფებოდნენ, თავად ტვირთი კი, მისი ინფორმაციით, სადეზინფექციო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობისგან შედგებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები