
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო: „დიპლომატიური კორპუსი დღეს გაუგებრობაშია“
05/06/2019 15:40:06 ეკონომიკა
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნი ზვიად ჭუმბურიძე ხელისუფლებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ხშირი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ე.წ. პანკისის მოვლენებს, ანაკლიის და ფოთის პორტებს უკავშირდებოდა, აუცილებელია ხელისუფლებამ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს.
ჭუმბურიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებმა ჩინოვნიკების დაბალკვალიფიციურობა დაადასტურა, რაც ჯამში, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის აქტიური მუშაობის საფუძველი ხდება.
„ავტრიის ელჩმა რომ არ გვითხრას, ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ისინი თქმის გარეშე ყოველთვიურად, ყოველკვირეულად აგზავნიან საკუთარ ქვეყანაში დეტალურ ინფორმაციას რომელიც ყველა შესაბამის უწყებაში ვრცელდება. ვხედავთ როგორ არის გააქტიურებული ის მეზობელი, რომელსაც 20% აქვს ტერიტორიის მისაკუთრებული;
არასოდეს არ უმუშავიათ მათ სპეცსამსახურებს ისე აქტიურად, როგორც მუშაობენ დღეს განსაკუთრებით კი - ეკონომიკურ ჭრილში. დღეს გვაქვს ჩვენ ენერგოუსაფრთხოება საქართველოში? არის ეს გაწერილი თუნდაც კონცეფციის დონეზე და სრულდება? არ არის ეს ასე და რთულია ინვესტორის დარწმუნება იმაში, რომ მზად ვართ, უცხოური ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ არის საკითხები, რომელიც დღემდე ვერ განვითარდა. ვერ გავიგე, რა იყო „თიბისის ქეისი“; სანამ არ გვეცოდინება რა ხდება ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანაში, იქამდე სირთულე იქნება; ასევე, თუნდაც პანკისი მოვლენები, ჩვენ კი დავივიწყეთ, მაგრამ როგორ გგონიათ, დიპლომატიური კორპუსი რას იწერებოდა თავის ქვეყანაში? თუნდაც ანაკლიის და ფოთის პორტის თემები - ის, რომ მაღალკვალიფიციური ჩინოვნიკები არ გვყავს, ამაზე საუბარიც არ არის, ეს ჩანს ფოთის პორტთან მიმართებაში; მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, დიპლომატიური კორპუსი დღეს არის გაუგებრობაში. დამისახელებთ ვინმეს ვინც შეხვდა დიპლომატიურ კორპუსს და განუმარტა რამე ამ საკითხების გარშემო? აუცილებელია, მეტი კომუნიკაცია საზოგადოებსთან, ბიზნესთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
წყარო: www.bm.ge