
სააკაშვილის ინიციატივით ზუგდიდში პირბადეები დაარიგეს – დაირღვა საგანგებო მდგომარეობის წესები
26/03/2020 12:26:13 საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვისა და დისტანციის რეკომენდაციის მიუხედავად, ზუგდიდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ათეულობით ადამიანი შეიკრიბა.
როგოროც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ ზუგდიდში შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა.
"დღეს ზუგდიდში მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა ამ დამცავი პაკეტების დარიგებაზე. ეს პროგრამა კეთდება ამერიკელი ქართველების მხარდაჭერით, სხვა ადამიანების მხარდაჭერით. რა თქმა უნდა ჩვენ სულ ვერ დავარიგებთ, ეს იმის მინიმუმუმის მინიმუმია, რაც საქართველოს სჭირდება", — განაცხადა სააკაშვილმა.
მოგვაინებით ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ზოგჯერ ხდება, ერთს აკეთებ, მეორე გამოდის და საქმე საბოდიშოდ გიხდება“.
„არ არის ახლა პიარის დრო",- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და დასძენს, "ხომ შეეძლოთ, კარდაკარ ევლოთ და მოსახლოებისთვის ჩამოერიგებინათ, არ გამოეწვიათ მოქალაქეების ასეთი შეკრება?!".
კომენტარი გააკეთა ჯანმდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია, გათავისწინებულ იქნას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც აქციის ჩატარებისას მკაფიოდ დარღვეული იყო“:
„მინდა, ზუგდიდის მოსახლეობა დავამშვიდო: სახელმწიფო მათზეც ზრუნავს და ეს ზრუნვა გარდა პირბადეებისა, იმაში გამოიხატება, რომ ზუგდიდის საავადმყოფოს მობილიზაცია მიმდინარეობს. იქ მობილიზებული იქნება როგორც საკარანტინე სივრცე, ისე სტაციონარში მოხდება საწოლების მობილიზება. სამეგრელო, ისევე როგორც აფხაზეთი, ჩვენთვის ის მხარეა, რომელზეც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს, როგორც მის დანარჩენ მოქალაქეებზე“.
კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.