„მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია“

26-03-2020 16:49:41 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებული მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია.

ინფორმაციისთვის: ამ დრომდე ინფიცირების წყარო არ იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ გამოცხადდა მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად.

როგორც იმნაძე ამბობს, მარნეულში ვირუსის ფართო გავრცელებასთან საქმე არ გვაქვს:

„მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. კიდევ რამოდენიმე გადამოწმება იქნება საჭირო, მაგრამ ინფიცირების წყარო მისივე ოჯახის ერთ–ერთი წევრია, რომელიც მანამდე საქართველოში სხვა ქვეყნიდანაა შემოსული. ვაკეთებთ გენეტიკურ ანალიზს, რომ ზუსტად დავადასტუროთ, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ. ამდენად, მარნეულის რაიონში ჩვენ ვირუსის ფართო გავრცელება ჯერ არ გვაქვს, რადგან ვინც დადებითია [კორონავირუსი დაუდასტურდა], ეს ყველა ამ ქალბატონთან ახლო – ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება“.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსის პიკს, იმნაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ ფართო გავრცელების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი:

„დღეს ერთი თვეა, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, დაახლოებით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდა, შესაძლოა, დღეს შემთხვევები ოთხჯერ მეტი ყოფილიყო. მესმის, ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, შემდეგ ზუსტად დავასახელებთ პიკზე გასვლის დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი პერიოდი ქვეყანაში შემთხვევების მატება იქნება“.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა დასტურდება, მათგან 5 ბავშვი, ერთი ფეხმძიმე ქალია. ინფიცირებულთაგან 10 პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები