სომხეთში სამ სამხედრო მოსამსახურეს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა

26-03-2020 19:05:49 კავკასია

სომხეთში სამ სამხედრო მოსამსახურეს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ინფორმაცია დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა დაადასტურა.

«ერთ-ერთი სამხედროს ოჯახის წევრს ადრე კორონავირუსი დაუდგინდა. სამივე ისტორია უკავშირდება სომხეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირველადი შემთხვევის ერთ კერას. ეს სამხედროები წინასწარ იყვნენ იზოლირებულები, რამაც ვირუსის შემდგომი ფართო გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა” – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამჟამად სამხედროები ჰოსპიტალიზებულები არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთს არ აღენიშნება პნევმონია.

«დადგენილია სამხედროების კონტაქტების მთელი წრე და ის მოქალაქეები, რომლებთანაც მათ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ, წინასწარ განსაზღვრულ სპეცტერიტორიებზე არიან გადაყვანილები, სადაც მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. 32 სამხედროს ტესტირება ჩაუტარდა. ამ სამხედრო ნაწილში ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა, მიღებულია უმკაცრესი ეპიდსაწინააღმდეგო ზომები, წარმოებს სამედიცინო მონიტორინგი” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სადღეისოდ სომხეთში COVID-19-ით ინფიცირების 290 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები