Accentnews.ge
ბჟანია: «აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით»

ბჟანია: «აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით»

27/03/2020 06:49:36 კონფლიქტები

«საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ Yთავში უნდა იპოვოს ძალა და აღიაროს ახალი რეალობა» - ამის შესახებ რუსული «ТАСС»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მან მიუთითა, რომ ჟენევის დისკუსიები გაგრძელდება და ამჯერად ახალი ფორმატი აღარ უხსენებია.

«ომის შემდეგ, როგორც წესი, ისე აღარ ხდება, როგორც ომამდე იყო. ომი საზღვრებს ცვლის. ხანდახან ისე ხდება, რომ ომის შედეგად სახელმწიფოები ქრება, წარმოიშობა ახლები. იმაზე საუბარი, რომ მოდით, დავაბრუნოთ 1992 წლამდელი ვითარება… შეიძლება კი მისი დაბრუნება? შესაძლებელია ათასი დაღუპული აფხაზის, ქართველის, სომეხის, რუსის სიცოცხლეების დაბრუნება? - შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია იმ საქართველოს ერთიანობის დაბრუნება, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის. არსებობს პროცესები, რომლებიც ისტორიას შეუქცევადად ბარდება. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ, მაგრამ მსოფლიომ აღიარა, რადგან მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ამაში მდგომარეობს რეალობა და რაც ადრე გააცნობიერებს ამ რეალობას საქართველოს ხელისუფლება, მით უფრო სწრაფად დამყარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაშიც ჩვენ დაინტერესებულები ვართ. მათ ამაში შეუფასებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ, თუ მშვიდობა სურთ და მას აფასებენ. ჩვენ შეშინებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც შეიძლება, შეიქმნას. თუ უპასუხისმგებლო ადამიანები მომავალშიც ისე გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც 2008 წელს მოხდა, ვის შეიძლება, ეს მოეწონოს? არაერთგზის მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: აფხაზური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები ვერავისთან იქცევა მოლაპარაკებათა საგნად», - აღნიშნა არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, როგორც ბჟანიამ განაცხადა, მას რუსეთთან ავიამიმოსვლის ჩამოსაყალიბებლად სოხუმის აეროპორტის მოქმედების აღდგენის იმედი აქვს.

«აეროპორტი არ მუშაობს. ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა და იგი უნდა გადაიჭრას, - ამას მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა როდი აქვს. ეს ფაქტორი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს იმიჯზე. მთლიანობაში, ასეთი კარგი აეროპორტის ქონის პირობებში სახელმწიფოს არ აქვს საჰაერო მიმოსვლა სტრატეგიულ პარტნიორთან – მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სახელმწიფოსთან. და ჩნდებიან ძალები, რომლებმაც შეიძლება, ამ პროცესში ხელი შეგვიშალონ», - განაცხადა არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები აფხაზეთში ჯერ არ გამოვლენილა და ტურისტულ სეზონსაც ჯერ-ჯერობით არაფერი ემუქრება.

• ოპოზიციონერმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ წ22 მარტის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 56,5% მოაგროვა.

• საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ შეაფასა, ბულგარეთმა, ჩეხეთმა, კანადამ, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიტვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა კი - არალეგიტიმურად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S