
„აფხაზებმა რუსეთიდან მკაფიო შეტყობინება მიიღეს, რომ თუ ვინმე დაავადდა, მკურნალობა აფხაზეთში მოუწევს“
27/03/2020 12:28:07 კონფლიქტები
აფხაზეთში რუსეთიდან მკაფიო შეტყობინება მიიღეს, რომ თუ ვინმე ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა, მას რუსეთის ტერიტორიაზე არ გადაუშვებენ,– ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
„როგორც მეგობრებისგან და ახლობლებისგან ვიცი, ნამდვილად არ ჩანს, რომ ვინმე ინფიცირებულია [ოკუპირებულ აფხაზეთში]. როგორც ჩანს, რუსეთიდან გარკვეული ტესტები [კორონავირუსის]აქვთ, თუმცა რუსეთიდან მიიღეს ძალიან მკაფიო შეტყობინება, რომ თუ ვინმე დაავადდება, მას მკურნალობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოუწევს – ანუ რუსეთში არ გადაიყვანენ. ეს არის სიახლე, რამაც ცოტა არ იყოს, აფხაზები შეაშფოთა. ამ ინფორმაციას დაემთხვა, რომ დღეს აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“,– განაცხადა ზაქარეიშვილმა „ტ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას „განკარგულების“ თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან 20 აპრილამდე ცხადდება. გამოცხადდება კომენდანტის საათიც და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
აფხაზი ექიმები ფოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ ადგილობრივი მედპერსონალი ელემენტარულ დონეზეც კი არ არის მზად ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ „აქცენტთან“ საუბრობენ ექიმები ოკუპირებული გალის რეგიონიდანაც.