
ოკუპირებულ რეგიონებში, ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ამ დრომდე არ გამოვლენილა
30/03/2020 08:16:19 კონფლიქტები
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში COVID-19, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე არ გამოვლენილა, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება.
კერძოდ, 77 ადამიანია მოთავსებული კარანტინში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მათგან 11 – სამედიცინო დაწესებულებებში, დანარჩენები – სახლის პირობებში. სამ მოქალაქეს მედიკოსები ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში აკვირდებიან.
ე.წ. “რესპუბლიკის” მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები და მაქსიმალურად შეამციროს სხვა ადამიანებთან კონტაქტების რაოდენობა, ხოლო იმ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან ჩადიან – გამოიჩინონ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ჩასვლის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს შეატყობინონ.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, სადაც 28 მარტიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს, 29 მარტიდან კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მომიჯნავე გალის რაიონში დამატებით საკომენდანტო რეჟიმიც შემოიღეს (კომენდანტის საათი მოქმედებს ღამის 12:00-დან დილის 06:00 სთ-მდე), COVID-19-ის შემთხვევები, ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არც იქ გამოვლენილა.
კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სოხუმის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ პაციენტებს არ მიუმართავთ, მანამდე კი იქ დაკვირვების რეჟიმში 9 მოქალაქე მოათავსეს. მათგან ერთი “პნევმონიის“ პირველადი დიაგნოზით გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს სეზონური გრიპის დიაგნოზი დაუსვეს და გაწერეს იმ პირობით, რომ ორკვირიან კარანტინს შინ გაივლიან.
ამასთანავე, ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში აფხაზურ ქოლ-ცენტრს 200-მდე პირი დაუკავშირდა, - იუწყება საკოორდინაციო შტაბი.