30-03-2020 12:37:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოს მიმართულებით არ გაატარა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალთან ერთად მყოფი მეორე პაციენტი და ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ზუგდიდის კლინიკის ექიმი ლალი დარახველიძეც ადასტურებს.
გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს ღამით გადაიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული, COVID-19-ის სიმპტომების მქონე 50 წლის ქალი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნა.
როგორც დღეს ექიმმა ლალი დარახველიძემ განაცხადა, პაციენტს ხველა და ცხელება აღენიშნება.
"საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში პასუხი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. პაციენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვიდა მოსკოვიდან და შემდეგ პირდაპირ ჩვენთან. იგი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს ადგილზე. სულ ორი მოდიოდა. ერთი გადმოიყვანეს ჩვენთან ერთი, კი სოხუმში“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს ჩავიდა და მალევე მიმართა ამბულატორიას სოფელ საბერიოში, საიდანაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლრებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. პაციენტს სოფელ ფახულანთან დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.
COVID-19-ის გავრცელების გამო ოკუპრებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა.