მედია: ჩეჩნეთში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებს პოლიპროპილენის მილებით ცემენ

30-03-2020 14:06:15 კავკასია

ჩეჩნეთში, სადაც 29 მარტიდან კარანტინი ამოქმედდა, პოლიციელებს პოლიპროპილენის მილები დაურიგეს, რომლითაც ისინი ნიღბების გარეშე მოსიარულე მოქალაქეებს ცემენ. ამასთან, ნიღბები ჩეჩნეთში გაყიდვაში ამ დრომდე არ არის, - წერს "Новая газета" თვითმხილველებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასეთივე მილები გამოიყენება წამებისთვის ჩეჩნეთის “საიდუმლო ციხეებში”.

მანამდე ჩეჩნური პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა და შს მინისტრმა რუსლან ალხანოვმა განაცხადეს, რომ ის, ვინც რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის – რამზა კადიროვის ბრძანებას არ დაემორჩილება და ქუჩაში აუცილებლობისა და ნიღბის გარეშე გამოჩნდება, “ზემოქმედების უკანონო მეთოდებს დაექვემდებარება”.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტს ჩეჩნეთის ხელისუფლებამ სხვა რაიონების მაცხოვრებლებისთვის გროზნოში შესვლა აკრძალა. ჩეჩნეთის გზებზე პოლიციის უნიღბო თანამშრომლები მორიგეობენ პოლიპროპილენისგან დამზადებული მილებით ხელში. ისინი ავტომანქანებს აჩერებენ, ადამიანები ძალით გადმოჰყავთ და ცემენ. იმის შესახებ, რომ ჩეჩენ პოლიციელებს ამ მიზნით სპეციალური მილები დაურიგეს, გამოცემა “Baza”-ც წერს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკის მაცხოვრებლებსა და ექიმებს შესთავაზეს, "ამოიღონ საკერავი მანქანები" და ნიღბები მარლისგან კერონ. ჩინოსნები კი სრულიად სერიოზულად არწმუნებენ მოქალაქეებს, რომ თვითნაკეთი ნიღბები “ბევრად უკეთესია”, - წერს "Новая газета".

მარტის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის ლიდერმა მოუწოდა მოსახლეობას, “კორონავირუსის გამო არ იდარდოს” და განაცხადა, რომ “ისინი, ვისაც ჯანმრთელობა აქვს, გადაიტანენ, ხოლო ვისაც არა - არა”. მედიის ინფორმაციას რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ხელისუფლება “პანიკას” უწოდებდა.

თუმცა 23 მარტს კადიროვმა გასცა განკარგულება, გროზნოში კაფეებისა და რესტორნების უმეტესობა, სასწავლო და სპორტული დაწესებულებები დაეკეტათ. 24 მარტს ჩეჩნეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, კიდევ ორი მოქალაქე ვირუსზე ეჭვით არის იზოლირებული. მაშინვე კადიროვმა განაცხადა, რომ “კარანტინის დამრღვევები სიკვდილს იმსახურებენ”. ამავე დროს, 25 მარტს – კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მოწოდების დღეს, მოქალაქეები შინ დარჩენილიყვნენ, კადიროვმა გროზნოში საზეიმოდ გახსნა ხელოვნების სახლი. ცერემონიას ასობით მოქალაქე დაესწრო, ბავშვებისა და მოხუცების ჩათვლით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები