
საგანგებო რეჟიმი თელავისა და ახალციხის გამშვებ პუნქტებზეც ამოქმედდება
31/03/2020 09:08:30 საშინაო პოლიტიკა
"დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ეს ორი მუნიციპალიტეტი არის თელავი და ახალციხე", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–პიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით შვიდი მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმი და მოწყობილი არის სპეციალურად გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალებმა.
„გეტყვით, რომ ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებით, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი არის თელავი და ახალციხე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, პროცესს სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ.
„გუშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება ფაქტორივად ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ. დღეს, ეს შედის ძალაში – 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე არის აკრძალული ყველა სახის გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო, რათა მაქსიმალურად შეგვეფერხებინა ვირუსის გავრცელება. მოსახლეობას მივმართავთ, დაიცვან ეს შეზღუდვა. სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას“ ,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.