
11 პირი, რომელსაც ინფიცირებულ გალელ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, იზოლირებულია
31/03/2020 11:16:00 კონფლიქტები
11 პირი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ გალელ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, ამ დროისთვის სახლის პირობებშია იზოლირებული და უახლოეს ხანებში მათ ტესტირება ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ დღეს ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ჰენრი ტუჟბამ განაცხადა.
"მალე ჩვენთან გალში სოხუმიდან სპეცჯგუფი ჩამოვა და იზოლირებულების შემოწმებას დაიწყებს. ამ დროისთვის რაიონში ვითარება მშვიდია, ადგილობრივები თვითიზოლაციის რეჟიმს იცავენ, ჩვენს ადმინისტრაციასთან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად მუშაობს უშიშროების კომიტეტიც. ინფიცირებული ქალბატონის ფსოუს საზღვრიდან თავის სოფლამდე [საბერიო – რედ.] გადაადგილების მარშრუტიც და ყველა ის პირიც, ვისთანაც მან კონტაქტი მოასწრო, დადგენილია. აფხზეთში შემოსვლის დღესვე ქალბატონი ზუგდიდში გადავიდა და ჩვენთან არანაირ ხალხმრავალ ღონისძიებებს არ დასწრებია”, – აღნიშნა მან.
ორშაბათს საღამოს ოკუპირებულ აფხაზეთში გალისა და ოჩამჩირეს რაიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტა.