EMC მზადაა, „Evolution Gaming“-დან დათხოვნილი თანამშრომლების ინტერესები დაიცვას

01-04-2020 18:32:26 სამართალი

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) კომპანია „Evolution Gaming“-ის მიერ დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის ფაქტს ქვეყანაში არსებული შრომოთი სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

”ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვა”, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

EMC-ის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ქვეყანაში მოქმედი უფლებრივი სტანდარტების უგულებელყოფაა:

„ცხადია, რომ ევოლუშენ გეიმინგმა სამუშო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას. ცხადია, რომ ეს გადარჩევა კომპენსაციის გადახდის ვალდებულების თავის არიდების გამო განახორციელა და არ იყო მოტივირებული საჭიროებების კვლევით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

EMC მხარს უჭერს „Evolution Gaming“-დან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს და მზადაა არსებული რესურსის გათვალისწინებით, მათი ინტერესები სასამართლოშიც დაიცვას.

ონლაიმ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ „Evolution Gaming“-მა 1300 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 31 მარტს განაცხადა. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილი მდგომარეობა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება დაასახელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები