
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთში გასვლა შეზღუდა
01/04/2020 14:45:12 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეების რუსეთში გასვლა შეზღუდა.
სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.
«მიღებულია გადაწყვეტილება 2 აპრილიდან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების რუსეთთან საზღვარზე, “ქვემო ზარამაგის” პუნქტით გატარების შეჩერების თაობაზე. შეზღუდვა ამ საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე გაგრძელდება», - ნათქვამია დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის” ნებადართულია რუსეთიდან დაბრუნება, თუმცა ისინი სამშობლოში ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ბიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ჩრდილოეთ ოსეთში ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გათვალისწინებით, სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის მოხვედრის რისკი გაიზარდა”.
ბიბილოვის პრეს-მდივანმა დინა გასიევამ კი შეზღუდვის შემოღების მიზეზი “ფეისბუქში” ასე განმარტა: «გამორიცხულია შესაძლებლობა, ვინმემ საზღვრის კვეთისას იმ “ხვრელით” ისარგებლოს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის ფლობა გვიტოვებს. ანუ, გამუდმებით ვეღარ ვივლით იქით-აქეთ – რუსეთში რუსული პასპორტით და უკან ოსურით. ამდენად, თუ ვინმეს აქვს განზრახვა, რუსეთის ფედერაციაში გავიდეს და დაბრუნებას არ გეგმავს, ეს დღეს გააკეთოს!!!». “როსპოტრებნადზორის” შესაბამისმა ცენტრმა ჩრდილოეთ ოსეთის ორი მაცხოვრებლის ინფიცირების ფაქტი დღეს დაადასტურა.