
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში დე ფაქტო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
01/04/2020 15:00:50 კონფლიქტები
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში დე ფაქტო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ეს გადაწყვეტულება დღეს გამოცხადდა.31 მარტს ჩატარებული პირველი ტურის შედეგად ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა არაიქ არუთუნიანმა და საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა მასის მაილიანმა მიიღეს. მეორე ტურშიც სწორედ ისინი იყრიან კენჭს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 31 მარტს. საქართველო მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.