"იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში"

02-04-2020 00:34:20 საშინაო პოლიტიკა

"იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი, და დარწმუნებული ვარ, ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი – პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელსაც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. არ მინდა ახლა საუბარი დღესასწაულებზე იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაახლოებით სამი კვირაა და ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედები, ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, მაგრამ გვაქვს იმედები რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი, ყველა შემთხვევაში და მე ვუყურებ როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. ვიცი, რომ იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები საეკლესიო მსახურობის დროს მაშინ, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, იყოს ეკლესიის ეზოში. მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია. გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ჩვენს მშობლებს, შვილებს და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები