„მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 3 თვის განმავლობაში ხელფასის ნაწილს ფონდში StopCoV გადავრიცხავთ“

02-04-2020 17:07:57 საშინაო პოლიტიკა

„მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 3 თვის განმავლობაში ხელფასის ნაწილს ფონდში StopCoV გადავრიცხავთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ, შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები