ირაკლი ძნელაძე: "საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა"

03-04-2020 20:21:05 თავდაცვა ,რეკლამა

თავდაცვის ძალები თავისი ქვედანაყოფებით აქტიურად არის ჩართული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ ღონისძიებებში , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ძნელაძემ განაცხადა.

ირაკლი ძნელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებაზე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკაცრი ღონისძიებები მოჰყვა.

„პირველი შეზღუდვა შეეხო მოგზაურობას - იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები, ამ ქვეყნებში მოგზაურებთან თუ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი, აეკრძალათ სამსახურში მოსვლა და დაევალათ მოეხსენებინათ უშუალო ხელმძღვანელისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე მომხდარიყო მათი სამედიცინო გამოკვლევა უკვე ადგილზე, იზოლაციაში. ამან გარკვეულწილად იმუშავა პირველ ეტაპზე, რათა არ მომხდარიყო ვირუსის შემოღწევა. შემდეგ ეტაპზე გამკაცრდა შემსვლელ-გამომსვლელთა დაშვების რეჟიმი. ყოველდღიურად ხდება ტემპერატურის გაზომვა, სიმპტომების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაშვება ტერიტორიაზე. ასევე აკრძალულია ვიზიტორებისა და მნახველების დაშვება. ჯარი გადასულია ყაზარმულ მდგომარეობაზე, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი კონტაქტი“, - აღნიშნა გენერალმა, ტელეკომპანია POST-TV-ის ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები