
“არათუ დავსჯი, წავახალისებ კიდეც!” – კადიროვი ძალოვანების მიერ მოქალაქის ცემას ამართლებს
06/04/2020 13:14:49 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ამართლებს ძალოვანებს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებს ცემენ.
ამის შესახებ იგი “ინსტაგრამში” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
«მე მას [ძალოვანს] არათუ დავსჯი, წავახალისებ კიდეც! თუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაგაფრთხილეს, რატომ გადიხარ მეოთხედ? ჩვენ რა, სიცოცხლე მოგვბეზრებია? მირჩევნია, ერთი ცემონ, ვიდრე ათასი მოგვიკვდეს», – განაცხადა კადიროვმა.
მანამდე ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩეჩნურ ქალაქ არგუნში პატრულირებისას რამდენიმე ძალოვანის მიერ კარანტინის დამრღვევი მოქალაქის ჯგუფური ცემაა ასახული. მოგვიანებით ახალგაზრდამ, მისმა უფროსმა ძმამ, ოპერატორმა, რომელიც ამ მოვლენებს იღებდა და ადამიანმა, რომელმაც ეს ვიდეო გაავრცელა ადგილობრივი ცენტრალური ტელევიზიის ეთერში ბოდიში მოიხადეს.