
იერუსალიმში გეი აღლუმი გაიმართა
07/06/2019 07:32:21 სხვა, მსოფლიო
იერუსალიმში გეი აღლუმი გაიმართა. ღონისძიებაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც გამოცემა სააგენტო „ფრანს–პრესი“ იუწყება, პოლიციამ 52 პირი დააკავა, რომელებიც გეი აღლუმის ჩაშლას ცდილობდნენ.
მისივე ცნობით, გეი აღლუმთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები იყო გამკაცრებული. მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე დაახლოებით 2500 სამართალდამცველი ზრუნავდა.
იერუსალიმის მთავარი რაბინის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის მერიამ რკინის ჯებირებზე, რომლებითაც გეი აღლუმის მონაწილეების მსვლელობის ტრაექტორია იყო შემოსაზღვრული, ლგბტქი თემის სიმბოლოს – ცისარტყელასფერებიანი დროშების განთავსების უფლება მისცა. გარდა ამისა, მერიამ მსვლელობის სიახლოვეს აკრძალა ღონისძიების დამგმობი შინაარსის შემცველი პოსტერების განთავსება.
იერუსალიმში ლგბტქი აღლუმი უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მსვლელობა ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აღლუმის 15 წლის მონაწილე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.