
ვლადიკავკაზში პირთა ჯგუფი COVID-19-ით ინფიცირებულთა ჩვენების მოთხოვნით კლინიკაში შეჭრას ცდილობდა
07/04/2020 13:24:55 კავკასია
ვლადიკავკაზის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკურ საავადმყოფოში ახალგაზრდების ჯგუფი ცდილობდა შეჭრას მოთხოვნით, მათთვის კორონავირუსით ინფიცირებულები ეჩვენებინათ, - იუწყება "Кавказ.Реалии" სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებზე დაყრდნობით.
შემთხვევა 6 აპრილს მოხდა. ახალგაზრდებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ვერ გადალახეს, მიუხედავად დაცვის მოტყუების არაერთი მცდელობისა: "ჩვენ ინფიცირებულთა გასაცილებლად მოვედით. ჩვენ აქ დაგვიბარესო".
ინციდენტის შემდეგ კლინიკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი – ცენტრალური შესასვლელი დაეტოვებინა ღიად და ისიც – მხოლოდ მედპერსონალისთვის. მანამდე ჩრდილოეთ ოსეთში პოპულარულმა ბლოგერმა და საზოგადო მოღვაწემ, წარსულში საოპერო მომღერალმა ვადიმ ჩელდიევმა რესპუბლიკის მოსახლეობას მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის გაპროტესტებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, კორონავირუსი ხელისუფლების გამოგონილია, მიზანს კი “ხალხის ძარცვა” წარმოადგენდა.
"ოსეთში ინფიცირებულთა არსებობა ჩვეულებრივი ფეიქია. რეალურად, არც ერთი შემთხვევა არაა დადასტურებული. და მინდა, გითხრათ, რომ მთელი ქვეყნის [რუსეთის] მასშტაბით ასეა. უბრალოდ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებით", – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.
ყოფილმა საოპერო მომღერალმა ასევე დაასახელა თარიღი და დრო – 20 აპრილის 12.00. ამასთან, თავად ორგანიზატორი ჯერ-ჯერობით რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, სანქტ-პეტერბურგში იმყოფება. თუმცა ვიდეოჩანაწერში, რომელიც ჩელდიევმა მეგობრებისთვის ჩაწერა, იგი უფრო კატეგორიულია. უცენზურო სიტყვების გამოყენებით იგი “შეკრებისა და ხელისუფლების დამხობისკენ” მოუწოდებს. ხმოვანი შეტყობინება სწრაფად გავრცელდა მესენჯერში. ცნობისთვის: ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა.