ვალერი ბგანბა: “ჩვენი უდისციპლინობა და დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება შეიძლება, დიდი უბედურების საფუძვლად გვექცეს”

08-04-2020 20:08:03 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დღეს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ “აფხაზეთი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ახალ ფაზაში შედის”.

«ეს ფაზა უფრო რთულია, ფრო მძიმე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს სენი ძირშივე შევაჩეროთ, მისი გავრცელება არ დავუშვათ და, რაღა თქმა უნდა, დასნებოვნებულებს ვუმკურნალოთ. მთავრობის მიერ მიღებული ზომების, ჩვენი ბიზნესის დახმარების წყალობით ჩვენ ვაგრძელებთ სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტების, ყველაფერ აუცილებელის შეძენას. სახელმწიფო მიიღებს სერიოზულ საორგანიზაციო ზომებსაც კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად” – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მთავარი დატვირთვა ვირუსთან ბრძოლაში თავად მოქალაქეებზეა: ”მთავარი გასაკეთებელი თქვენზეა, ძვირფასო მეგობრებო! თქვენ უნდა შეინარჩუნოთ საკუთარი თავიც, ოჯახიც, მეგობრები და ახლობლებიც. ეს მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი– არ გახვიდეთ ქუჩაში აუცილებლობის გარეშე, შეასრულოთ მედიკოსების ყველა რეკომენდაცია. ჩვენი უდისციპლინობა და დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება შეიძლება, დიდი უბედურების საფუძვლად გვექცეს”.

ბგანბამ მიმართა ასევე აფხაზეთში უცხოეთიდან ჩასულ მოქალაქეებს და სთხოვა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავის ვალდებულებას კარანტინის რეჟიმში ყოფნის თაობაზე: “თვითიზოლაცია – ეს თქვენი ვალდებულებაა.ქვეყანამ თქვენს წინაშე ვალი მოიხადა, მოიხადეთ თქვენც – წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარლდებიან თქვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები”.

• კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა აფხაზეთში გუშინ გამოვლინდა. დადებითი შედეგი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მყოფი 57 წლის მამაკაცის ტესტმა აჩვენა. ირკვევა, რომ ცოტა ხნით ადრე გაგრის მკვიდრი მამაკაცი მოსკოვში იმყოფებოდა მივლინებით.

• მანამდე, 30 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსი გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოს 50 წლის მკვიდრს დაუდასტურდა. ქალი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და იმავე დღის საღამოს ზუგდიდში გადმოიყვანეს, სადაც ტესტი ჩატარდა და 30 მარტს მისი დადებითი შედეგი გამოცხადდა.

• საქართველო მის ყველაზე მოქალაქეზე იზრუნებს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებზე, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები