გაგრის რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა

08-04-2020 21:58:57 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გაგრის რაიონში კომენდანტის საათი შემოიღო.

შესაბამის განკარგულებას მან დღეს საღამოს მოაწერა ხელი და იგი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.კომენდანტის საათი საღამოს 20:00-დან დილის 7:00 სთ-მდე გაგრძელდება.

ამ პერიოდში აკრძალულია საცხოვრებელ სახლებსა და ბინებს გარეთ ყოფნა ყველა პირისთვის, გარდა ძალოვანებისა და სამართალდამცველებისა, ასევე კომუნალური, სახანძრო, სამედიცინო სამსახურების თანამშრომლებისა.დე ფაქტო შსს-ს დაევალა, დააკავოს ყველა ის პირი, რომელიც დაწესებული რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს.

• მანამდე, 7 აპრილს კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა გუდაუთის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტს, გაგრის რაიონის 57 წლის მკვიდრს. მასთან შემხებლობაში მყოფ ერთ პირს ვირუსი დღეს დაუდასტურდა, კიდევ ხუთის ტესტებმა კი უარყოფითი შედეგები აჩვენეს.

• 30 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრს, რომელიც წინა დღით აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა და 29 მარტსვე, საღამოს ზუგდიდის რაიონში იქნა გადმოყვანილი. კორონავირუსზე ტესტი მას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაუტარდა და მან დადებითი შედეგი აჩვენა.

• კორონავირუსის საფრთხის გამო 29 მარტს კომენდანტის საათი გალის ოკუპირებულ რაიონში იქნა შემოღებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები