მოსკოვის აფხაზური დიასპორა ოკუპირებულრეგიონში გასაგზავნად 50000 ტესტ-სისტემასა და ხელოვნური სუნთქვის 21 აპარატს ამზადებს

09-04-2020 13:14:32 კონფლიქტები

მოსკოვის აფხაზური დიასპორა ოკუპირებულრეგიონში გასაგზავნად 50000 ტესტ-სისტემასა და ხელოვნური სუნთქვის 21 აპარატს ამზადებს. ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების “მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიულ შტაბში” განაცხადეს.

მანამდე ოკუპირებულ რეგიონს 500 სატესტო სისტემა ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩაუტანეს. მათგან ამ დროისთვის 100-ია გამოყენებული.

ცნობისთვის: დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებული ორი პაციენტია აღრიცხული. მათგან პირველი, როგორც გაირკვა, ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა, მეორე კი მასთან კონტაქტში მყოფი პირია. 15 წლის მოზარდს კი, რომელიც ორი დღის წინ გარდაიცვალა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მანამდე, 30 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრ ქალს, რომელიც აფხაზეთში 29 მარტს ასევე რუსეთიდან იყო ჩასული და იმავე დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, გაგრის რაიონში კი, რომლის მკვიდრიცაა დაავადებულთაგან ერთ-ერთი, ისევე, როგორც გალში, კომენდანტის საათი მოქმედებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები