კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კლინიკებში უმკურნალებენ

09-04-2020 19:26:30 საზოგადოება

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კლინიკებში უმკურნალებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის შემთხვევების მართვის სახელმწიფო პროტოკოლშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ყველა ორსული, რომლებიც წარმოადგენენ COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევას (მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადისა), ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება.

„ორსულობის პერიოდში მწვავე რესპირატორული სიმპტომების (ყელის სიმშრალე, მშრალი ხველა, ტემპერატურა, ფაღარათი) გამოვლენისას პირველადი კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან/მეან-გინეკოლოგთან ხორციელდება სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, რომლის დროსაც ხდება დეტალური ანამნეზის შეკრება როგორც პაციენტის ჩივილების, ისე COVID-19-ით დაინფიცირებისათვის სარისკო კონტაქტების (მათ შორის მოგზაურობის ისტორიის) არსებობის გამოვლენის მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც, ანამნეზით COVID-19-ით დაინფიცირების სარისკო კონტაქტი გამოირიცხება, ორსულის მართვა (საჭიროების შემთხვევაში ბინაზე) ხორციელდება პაციენტის მდგომარეობისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით ოჯახის ექიმის მიერ შესაბამისი ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ ექიმ-მეან გინეკოლოგთან კომუნიკაციით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულის ვიზიტს, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი რეკომენდაციები:

„მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული სატელეფონო და ინტერნეტრესურსები ორსულის ექიმთან კონსულტაციისთვის; დაწესებულებაში ვიზიტი ჩანიშნულ იქნეს დროის ისეთ პერიოდში, როდესაც მაქსიმალურად გამოირიცხება სხვა პაციენტებთან ორსულის კონტაქტი; მაქსიმალურად იქნეს შეზღუდული ორსულების დამატებითი ვიზიტები; ორსულების ამბულატორიული მიღებისა და კონსულტირებისთვის გამოყენებული იქნეს ისეთი კაბინეტები, რომელთა მოსაცდელი გამიჯნულია დაწესებულების საერთო მოსაცდელი სივრცისგან; დაწესებულებაში ორსულის ვიზიტის დროს მას უნდა ეკეთოს ქირურგიული ნიღაბი და შესვლის წინ დაიმუშავოს ხელები ხელის ანტისეპტიკით/სანიტაიზერით; სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ყველა პირი აღჭურვილი უნდა იყოს ქირურგიული ნიღბით და მკაცრად იცავდეს უსაფრთხოების სათანადო ზომებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები