აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სამხედრო ჰოსპიტალი მოეწყო

09-04-2020 20:48:13 კონფლიქტები

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზის მედიკოსებმა საველე პნევმოკარკასული ჰოსპიტალი მოაწყვეს, რომელიც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებითაა აღჭურვილი, - იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.

«საველე სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტი ავადმყოფის მიღებაზეა ორიენტირებული, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოებისა და რუსეთის სამხედრო ბაზის მედიკოსების სწავლების ფარგლებში მოეწყო. მისი ობიექტები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებითა და ტექნიკით, მათ შორის – ხელოვნური სუნთქვის აპარატებით», - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რუსი სამხედრო სპეციალისტები სადღეღამისო რეჟიმში ატარებენ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების დეზინფიცირებისა და სანდამუშავების სამუშაოებს.

«მუშავდება ყველა შიდა ფართი, ასევე ბაზის ტერიტორიის მიმდებარე ობიექტები. ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებულია თერმომეტრიისა და დეზდამუშავების მოწყობილობები», - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე COVID-19-ის ორი შემთხვევაა აღრიცხული. 28 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, რომელიც 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები