აფხაზ მედიკოსებს პაციენტების პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობა შეახსენეს

09-04-2020 21:32:06 კონფლიქტები

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამოვლენილა, აღრიცხულია კვლავინდებურად ორი პაციენტი, რომელიც გუდაუთის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

“აფხაზეთის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპრეატიული შტაბის” ინფორმაციით, პირველი პაციენტის მდგომარეობა სადღეისოდ საშუალოდ მძიმეა, უმნიშვნელო დადებითი დინამიკით, მეორესი კი – შედარებით დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება ყველა იმ პირს, რომელსაც აღნიშნულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა, შტაბის ცნობით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 10-მა ადამიანმა გაიარა და ყველა შემთხვევაში შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, - იუწყება ადგილობრივი მედია.

ოპერატიულმა შტაბმა მედიკოსებს საგანგებოდ მიმართა: «ყოველდღიურად მოწმენი ვხდებით სოცქსელებში სხვადასხვა პირადი და სხვა სახის მონაცემების გავრცელებისა პაციენტების თაობაზე. ყველა მედმუშაკს შევახსენებთ, რომ პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია».

ამასთან, ოპერშტაბმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობის პირობები ზედმიწევნით დაიცვას და მკვეთრი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლას მოერიდოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები