“გადასახადის გადამხდელთა კავშირი“: "ახლა მილიონების ხარჯვა ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე გაუმართლებელია. მოვითხოვთ შესყიდვების შეჩერებას"

10-04-2020 10:05:11 საზოგადოება

"ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული", - ამის შესახებ “გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 50 % წილის მფლობელი სახელმწიფოა, 1000 ცალ ნაგვის ურნის შესყიდვისთვის, დაახლოებით 1 მილიონ 300 ათას ლარს დახარჯავს.

„აღნიშნული ტენდერში (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე-NAT200005239) რომელიც ა.წ. 6 აპრილს დაიხურა, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომელმაც საწყის ფასთან შედარებით (1,527,400 ლარი) ნაკლებ ფასად - 1,296,000 ლარად შესთავაზა ნაგვის ურნები შემსყიდველს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს 3 დღის ვადა აქვს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის და თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შესყიდვის პროცედურებიც დაიწყება. არანაკლებ საყურადღებოა ასევე თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებული ტენდერი შადრევნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მილიონამდე ლარია განკუთვნილი იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიასთან ბრძოლაში თითოეული მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი ჩართულია მთელი თავისი რესურსებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება რაციონალურად მოხდეს თანხების მობილიზება და განკარგვა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. უფრო მეტიც, ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რათა მსგავსი ტენდერებისთვის განკუთვნილი თანხები გადანაწილდეს იმ გადაუდებელი ღონისძიებებისა და შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ეფექტიანად დაგვეხმარება. კიდევ ერთხელ პრინციპულად აღვნიშნავთ, რომ დღეს, მობილიზებული თუ გადახდილი თითოეული ლარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეზღუდული რესურსების მქონე ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ჩერდება ბიზნესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგავს სამსახურს, შემოსავლებს და ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ასეთ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა”, - აღნიშნულია “გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები