
ცხინვალი თბილისს პროდუქტების კონტრაბანდაში ადანაშაულებს
10/04/2020 10:40:37 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი “საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მხრიდან კონტრაბანდული საქმიანობის გააქტიურების” შესახებ იუწყება.
ცხინვალის მტკიცებით, ამ არხის უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან, კონტრაბანდული პროდუქცია კი გორის მუნიციპალიტეტში რეალიზებისთვის იყო განკუთვნილი.
«კონტრაბანდული ტვირთის ნომენკლატურა წარმოადგენს სასურსათო და პირველადი საჭიროების საქონელს, როგორიცაა ფქვილი, ზეთი, ხორცისა და თევზის კონსევრები, შედედებული რძე, სუბლიმირებული პროდუქტები, პირადი ჰიგიენის საშუალებები, დიდი ოდენობით ნიღბები და ხელთათმანები», - ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო უწყება ავრცელებს ასევე დეზინფორმაციას შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში თითქოსდა პროდუქტების დეფიციტის თაობაზე «იმ ფონზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მრავალმილიონიან ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიან».
ადრე ოსურმა დე ფაქტო უშიშროებამ ქართული სპეცსამსახურები ფეიქ-ცნობების გავრცელებაში დაადანაშაულა სატესტო სისტემების წინასწარ განზრახ ინფიცირებულობის შესახებ.
მანამდე დე ფაქტო უწყება ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოსახლეობაში “უკმაყოფილება მატულობდა ლუგარის ლაბორატორიის მოქმედების გამო, რომელიც უუნარო აღმოჩნდა ბიოუსაფრთხოების სათანადო დონეზე უზრუნველსაყოფად”.
• ამასთან, თბილისში არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ მზად არიან კორონავირუსთან ბრძოლაში სოხუმისა და ცხინვალის დასახმარებლად .
• თავად ოკუპირებულ რეგიონში სულ ცოტა ხნის წინ მოსახლეობაში სასურსათო პანიკა შეინიშნებოდა.