
კადიროვმა ინგუშების პირდაპირ ეთერში გინების გამო ბოდიში მოიხადა
10/04/2020 14:21:13 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ინგუშების მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული უცენზურო განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა, - იუწყება «Чечня сегодня».
«ჩემი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა მმართებს. - არა მათ წინაშე, ვინც ჩეჩნებისა და ინგუშების გადაკიდებას ცდილობს, არამედ პატივცემული ადამიანების წინაშე. მე აზრი არააკურატულად გამოვთქვი, როცა მტრებზე ვსაუბრობდი. ემოციებზე ვიყავი, არც კი ვიცოდი, მსგავსი რამ რომ წამომცდა. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე პრესიდან, თუმცა ეს გამართლება არ არის», — განაცხადა, გამოცემის ინფორმაციით, კადიროვმა.
მან განმარტა, რომ ბოდიშს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის უხუცესებს, ასევე ჩეჩენ მუფტს უხდის, რომელიც ამ განცხადების გაკეთებისას მის გვერდში იყო.
ცნობისთვის: მანამდე ჩეჩნეთის ლიდერმა Instagram-ის პირდაპირ ეთერში ოპერატიული შტაბის თათბირი გამართა და ახსენა ბლოგერები, რომლებიც ჩეჩნეთის ხელისუფლებას ინგუშეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ამასწინანდელი უსამართლო დემარკაციის გამო აკრიტიკებენ. ამასთან, მან აგინა «ათიოდე ადამიანს, რომლებიც წერენ, რომ ჩეჩნები და ინგუშები ძმები არ არიან».