ასენოვა - ხაზარაძის ინიციატივაზე: „დროა, საქართველომ სწორედ ასეთი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები მოიძიოს"

11-04-2020 21:36:34 კომენტარი

ევროპული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ვაშინგტონელი ანალიტიკოსის მარგარიტა ასენოვას განცხადებით, „ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, დროა, სწორედ ასეთი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები მოიძიოს“.

ასე აფასებს ასენოვა, „აქცენტთან“ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, იაპონიის მთავრობისთვის ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეთავაზების თაობაზე.

“ჩინეთმა საერთაშორისო არენაზე ნდობა დაკარგა, მისი საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან დაზიანებულია და ეს არა იმიტომ, რომ ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა, არამედ იმიტომ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ დაავადების არსებობა პირველ ეტაპზე დამალა. ბევრი ქვეყანა შეეცდება, რომ მათი კომპანიები, რომლებიც ამჟამად ჩინეთში საქმიანობენ, სამშობლოში ან სხვა სახელმწიფოებში გადაიტანონ, რათა მოახდინონ მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია და კრიზისის შემდგომ პერიოდში თავიანთ ეკონომიკას დაეხმარონ.

ისეთმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, დროა, სწორედ ასეთი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები მოიძიოს. საქართველოს მაღალკვალიფიციური მუშახელი ჰყავს და წარმოების ხარჯები აქ ჯერ კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ბიზნეს–სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკეთესი შეთავაზებით მიმართონ სადღეისოდ ჩინეთში მოქმედ იაპონურ თუ სხვა კომპანიებს“, - განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის: იაპონია გეგმავს, მის კომპანიებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეექმნათ, ჩინეთის დატოვებაში ფინანსურად დაეხმაროს. შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) წარმოების ჩინეთიდან იაპონიაში გადატანას მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი - ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში.

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ იაპონიის მთავრობის ინიციატივა ანაკლიის პორტისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კორონავირუსის კრიზისის ფონზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მოუწოდებს მთავრობას, ამ მიმართულებით გააქტიურდეს.

ამავე თემაზე: ახალი შანსი ანაკლიისთვის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები