ამერიკელი ანალიტიკოსი - ხაზარაძის ინიციატივაზე: "ეს წინსვლის შანსია, საქართველო უნდა იყოს აქტიური ყველა შესაძლო მიმართულებით"

13-04-2020 12:14:34 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის განცხადებით, "ახლა თბილისს წინსვლის შანსი აქვს და საქართველო უნდა იყოს აქტიური ყველა შესაძლო მიმართულებით".

ასე აფასებს გობლი, „აქცენტთან“ საუბრისას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, იაპონიის მთავრობისთვის ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეთავაზების თაობაზე.

"პანდემიის გამო ყველაფერი ისეა არეული, რომ შეასრულებს თუ არა იაპონია ამ დაპირებას ჯერ–ჯერობით უცნობია. თუმცა საქართველო აქტიური უნდა იყოს. ვფიქრობ, იაპონელებს ორმაგი ინტერესი აქვთ: ერთის მხრივ, ხელი შეუწყონ საკუთარ მარშრუტიზაციას და მეორეს მხრივ, უზრუნველყონ, რომ მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტის კონტროლი ჩინეთის ან რუსეთის ხელში არ იყოს. მაგრამ, პამდემიის გამო არავინ არ უნდა ელოდოს რაიმე დიდ გარღვევას მომავალი წლის დასაწყისამდე. თუმცა, ქვეყანამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, მათ შორის ისეთიც, რომელმაც სარგებელი შესაძლოა, დაუყოვნებლივ არ მოიტანოს. ახლა თბილისს წინსვლის შანსი აქვს და საქართველო უნდა იყოს აქტიური ყველა შესაძლო მიმართულებით" - განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის: იაპონია გეგმავს, მის კომპანიებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეექმნათ, ჩინეთის დატოვებაში ფინანსურად დაეხმაროს. შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) წარმოების ჩინეთიდან იაპონიაში გადატანას მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი - ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში.

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ იაპონიის მთავრობის ინიციატივა ანაკლიის პორტისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კორონავირუსის კრიზისის ფონზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მოუწოდებს მთავრობას, ამ მიმართულებით გააქტიურდეს.

ამავე თემაზე: ახალი შანსი ანაკლიისთვის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები