
„მაქვს განცდა, რომ ხელისუფლება ძლიერია მკვდრებთან, გლეხებთან, ტიტების გამყიდველებთან“
15/04/2020 12:52:04 ციტატა
„მაქვს განცდა, რომ ხელისუფლება ძლიერია სასაფლაოებთან, მკვდრებთან, გლეხებთან, ტიტების გამყიდველებთან, მაგრამ სრულიად უსუსურია სხვა ძლიერ ინსტიტუციონალურ მოთამაშეებთან, უპირველესად, საპატრიარქოსთან. ეს განცდა მრჩება მთელი ამ თვენახევრის განმავლობაში“.
ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჯიმი მოქმედებს და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის „კომენტანტის საათი“, აკრძალულია სამ პირზე მეტის თავშეყრა. მიუხედავად არსებული ვითარებისა, საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას გეგმავს.
ცნობისთვის: 14 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მასშტაბური შიდაგავრცელების ეტაპზე გადავიდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი უკვე მოსახლეობაში ცირკულირებს და თუ საზოგადოება დაწესებულ შეზღუდვებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული გვეყოლება, რაც მნიშვნელოვანი წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემაში და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგებიც.
მისივე პროგნოზით, მას შემდეგ, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 300–ს გადასცდება, მოსალოდნელია შემთხვევათა სწრაფი ზრდა, რისი მაჩვენებელიც 14 აპრილი იყო. 14 აპრილს პირველად საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაიქსირდა.
15 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 306 დადასტურებული შემთხვევაა – 24 საათში 10 ახალი პაციენტი, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.