
შსს საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს
15/04/2020 20:11:17 სამართალი
შსს საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა ძალაში შევიდა.
უწყების ინფორმაციით, დადგენილი წესების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად გააკონტროლებს თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში მიმოსვლის პროცესს.
„საკონტროლო გამშვები პუნქტები თითოეული ამ ქალაქის შესასვლელებსა და გასასვლელებში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ და აკრძალულია იმ პირთა შესვლა, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ ტერიტორიულ ერთეულებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - ნათქვამია შსს–ს ინფორმაციაში.